პაატა მანჯგალაძე - აქციაზე აუცილებლად მივალ, ამ ეტაპზე არ შემიძლია, პარტიის სახელით ვისაუბრო, რადგან სხვა გადაწყვეტილება აქვს მიღებული
პაატა მანჯგალაძე - აქციაზე აუცილებლად მივალ, ამ ეტაპზე არ შემიძლია, პარტიის სახელით ვისაუბრო, რადგან სხვა გადაწყვეტილება აქვს მიღებული

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია არ არის პარტიული, შესაბამისად, საჭიროება არ დგას, რომ პარტიები აქციაზე მივიდნენ თავისი სიმბოლოებით და ატრიბუტიკით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაზე აუცილებლად მივა. ამასთან, პაატა მანჯგალაძემ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში პარტიის სახელით არ საუბრობს.

„როგორც ორგანიზატორები ამბობენ, აქცია ეხება იმას, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკური დევნა, იყოს სამართლიანი სასამართლო და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ამ სახის აქციის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ყოველდღე მესამე პრეზიდენტის სასიცოცხლო რესურსი როცა იწურება, როგორც მოქალაქე, აქციაზე თუ გავალ, სწორი იქნება. ამ ეტაპზე არ შემიძლია, პარტიის სახელით ვისაუბრო, რადგან პარტიას სხვა გადაწყვეტილება აქვს მიღებული. ჩვენ ვართ ჯერ ადამიანები, შემდეგ პარტიები და დეპუტატები. ადამიანური პოზიცია მაიძულებს, თუ ადამიანი შიმშილობს და სასიცოცხლო რესურსი ეწურება, აუცილებელია, რაღაც ფორმით კომუნიკაცია ხელისუფლება-ოპოზიციას შორის და ასევე, თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ამისთვის საჭიროა ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. როგორც მოქალაქეს, არ მინდა, პრეზიდენტი საკანში დაიღუპოს და აქციაზე აუცილებლად მივალ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.