პაატა მანჯგალაძე - 2008 წლის ომთან დაკავშირებული განცხადებების შემდეგ ფრიდონ ინჯია ჩემი მხრიდან არანაირ პატივისცემას არ იმსახურებს
პაატა მანჯგალაძე - 2008 წლის ომთან დაკავშირებული განცხადებების შემდეგ ფრიდონ ინჯია ჩემი მხრიდან არანაირ პატივისცემას არ იმსახურებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, 2008 წლის ომთან დაკავშირებული განცხადების შემდეგ ფრიდონ ინჯია არანაირ პატივისცემას არ იმსახურებს.

მანჯგალაძის განცხადებით, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმა სირცხვილია.

პაატა მანჯგალაძე გამოეხმაურა „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას იმ განცხადებას, სადაც ინჯია აღნიშნავს: „ჩვენ გავაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა პროკურატურამ გამოიძიოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და პარლამენტშიც შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისია“.

„ამ განცხადებების შემდეგ, ასაკის მიუხედავად, ფრიდონ ინჯია ჩემი მხრიდან არანაირ პატივისცემას არ იმსახურებს. ვინც საქართველოს ინტერესს ეწინააღმდეგება, პატივისცემას არ იმსახურებს. ფრიდონ ინჯია არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მაიმუნი, რადგან თურმე უნდა გამოვიძიოთ საქართველოს მიერ 2008 წელს ჩადენილი დანაშაულები. ეს ყველაფერი ჯერ ლევან მამალაძემ გაახმოვანა. უფრო ადრე ამაზე საუბრობდნენ პრორუსული ჯგუფები. შემდეგ ამ ჯგუფებს პარლამენტში ფრაქცია შეუქმნეს, ახლა „ხალხის ძალაც“ იწონებს ამას და „ქართული ოცნებაც“. ხალხო, რა მოგივიდათ? ჰააგასა და სტრასბურგში გამართლდა საქართველო, არანაირი ომის დანაშაული არ ჩაუდენიათ, საქართველოს რა დანაშაულის გამოძიებას აპირებთ, რუსები ხართ ღიად და არ გრცხვენიათ? ფრიდონ ინჯიას ოჯახის წევრები ხომ ჰყავს, ვინმემ მაინც უთხრას, ვიცი, შვილი ჰყავს, უთხრას – მამა, ასეთ რამეს ნუ აკეთებ, ეს არის სირცხვილი. შენი ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმა სირცხვილია. ხომ შეიძლება, ვინმემ უთხრას, თუ თვითონ ვერ ხვდება“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, როგორ შეაფასებდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მისაღებია მსგავსი საგამოძიებო კომისია, მანჯგალაძის თქმით, მათი საერთო სახელია ლეგიონი, რომელიც ამ შემთხვევაში რუსეთზე სულგაყიდულ ადამიანთა ერთობას ნიშნავს.

„სახარებაში ხომ გაგიგიათ, ლეგიონია მათი სახელი. ყველა არის ერთი, ყველა არის „ქართული ოცნება“, ყველა ბიძინა ივანიშვილთან და რუსეთთან შეკრული ძალაა. სხვადასხვა სახელი აქვთ, მაგრამ ლეგიონია მათი სახელი. ლეგიონი ამ შემთხვევაში ნიშნავს რუსეთზე სულგაყიდული ადამიანების ერთობას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.