პაატა იმნაძე - ველოდებით ახალ მარაგებს, იმედი გვაქვს, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით გავზრდით ტესტირების რაოდენობას
პაატა იმნაძე - ველოდებით ახალ მარაგებს, იმედი გვაქვს, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით გავზრდით ტესტირების რაოდენობას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში პისიარ ტესტის 12 000 მარაგი არსებობს და ახლო მომავალში ახალ მარაგებსაც ელოდებიან.

მისივე თქმით, სავარაუდოდ მაისის შუა რიცხვებისთვის ტესტირების რაოდენობა გაიზრდება.

„პისიარ ტესტის 12 000 მარაგი არსებობს ქვეყანაში, ორშაბათ-სამშაბათს ველოდებით ახალი მარაგების შევსებას. იმედი გვაქვს, რომ გავზრდით ტესტირების რაოდენობას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით და ალბათ მაისის შუა რიცხვებისთვის 1500-დან 2000-მდე გაიზრდება“, – განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ყველაზე მგრძნობიარე და სპეციფიური არის პისიარ (იგივე პეჯეერ) ტესტირება, რომელიც საქართველოში 12 000-ზე მეტია ჩატარებული.

„ყველაზე მგრძნობიარე და ყველაზე სპეციფიური არის PGR ტესტირება, რომელიც, როგორც გითხარით, დღესდღეობით საქართველოში ჩატარებულია 12 000-ზე ცოტა მეტი, ასევე 5 000-6 000 არის ჩატარებული სწრაფი ტესტები ანტისხეულებზე, ასევე ჩატარებულია ანტიგენზე. სწრაფი მეთოდია, მაგრამ მაინც ინსტრუმენტალური მეთოდია, მისი მგრძნობელობა საკმაოდ კარგია, PGR-ვით არ არის, მაგრამ არ არის ცუდი. სწრაფი ტესტების, რომლებიც არის ანტისხეულებზე, ბოლო დროს მათი ხარისხი გაუმჯობესდა, თუმცა მგრძნობელობა და სპეციფიურობა არ არის ისეთი მაღალი. ამას მოწმობს ის, რომ მათი შედეგების გადამოწმება ხშირად ხდება ხოლმე და ძალიან ხშირად, როდესაც ისინი აჩვენებენ, რომ არის მწვავე ინფექცია, PGR-ით ეს არ მტკიცდება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.