პაატა იმნაძე - თუ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლაში იარონ, ნიღაბი გავიკეთოთ, ასე ვიაროთ დახურულ სივრცეში და დისტანცია დავიცვათ
პაატა იმნაძე - თუ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლაში იარონ, ნიღაბი გავიკეთოთ, ასე ვიაროთ დახურულ სივრცეში და დისტანცია დავიცვათ

თუ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლაში იარონ, ნიღაბი გავიკეთოთ, ასე ვიაროთ დახურულ სივრცეში და დისტანცია დავიცვათ, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად შეძლებს ქვეყანა პირველ ოქტომბერს სასწავლო პროცესის დაწყებას.

„თუ ასე მოვიქცევით, მაშინ ჩვენი ბავშვები სკოლაში ივლიან. ჩვენ არ უნდა შევუქმნათ რისკი სწავლის დაწყებას. დაუსწრებელი სწავლება დაწყებულია, მაგრამ გვინდა, დავიწყოთ ასე ვთქვათ, დასწრებული სწავლება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ახლა ყველაფერი ჩვენზეა, თუ როგორ მოვიქცევით.

„ყველგან თითო მაკონტროლებელს ვერავინ დააყენებს. ამიტომ, ახლა ჩვენზეა ყველაფერი, ჩვენ როგორ მოვიქცევით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, დღეს მსოფლიოშიც დაფიქსირდა შემთხვევების პიკი მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო.

„ასე მოხდა, რომ დღეს ჩვენთანაც ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში კოვიდი დაგვეწყო. ამ შემთხვევების უმრავლესობა ისევ აჭარაშია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება, ეპიდვითარებას ვუწოდოთ კონტროლირებადი, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ამ შემთხვევებიდან საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე ცნობილი შემთხვევების კონტაქტებია, რომლებიც მიკვლეული და მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ.

კოვიდინფექცია სწორედ მათ დაუდასტურდათ. ეპიდვითარება კონტროლირებადია სწორედ ამიტომ, რომ ჩვენი ეპიდსამსახური ჯერ კიდევ ახერხებს მიკვლევადობას, ანუ კონტაქტების გამოვლენას, იზოლაციას, შესწავლას, დადასტურებას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება ძალიან ძნელია.

„მით უმეტეს, მაშინ, როცა ქვეყანაში პრაქტიკულად, ყველაფერი გახსნილია და მობილობა არც ერთ რეგიონში არ შეზღუდულა. აქედან გამომდინარე, პროგნოზების გაკეთება ძალიან ძნელია. ძალიან ბევრი რამ ადამიანთა ქცევაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, კოვიდს ვერც გავაქრობთ და ვერც მინიმალურ რიცხვებამდე ვეღარ დავიყვანთ. კოვიდი იქნება, მაგრამ თუ ელემენტარულ წესებს დავიცავთ, ნიღბის გაკეთებას და დისტანციას, იქნება ისე, რომ ის არ იქნება ძალიან შემაწუხებელი საზოგადოებისთვის და სამედიცინო დაწესებულებებზე არ იქნება ძალიან დიდი დატვირთვა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.