პაატა იმნაძე – „სინოფარმის“ ვაქცინა არის მაღალეფექტური, ის 100 პროცენტამდე იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან

13:57, 27.04.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, რომ „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციოდ გათვალისწინებულია 100 ათასი დოზა, რომელიც 50 ათასი პირის ვაქცინაციისთვის არის საკმარისი.

სწორედ ამიტომ, იმნაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, ტერმინი, მასობრივი ვაქცინაცია, სწორი არ არის.

ამასთან, იმნაძის განცხადებით, „სინოფარმის“ ვაქცინა არის მაღალეფექტური და 100 პროცენტამდე იცავს ადამიანს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან.

„როდესაც საუბარია, რომ ვაქცინის 100 ათასი დოზა გამოდის სარეგისტრაციოდ და ისიც, რომ გაიყოფა შუაზე 50 ათასი ადამიანისთვის, ტერმინი მასობრივი ვაქცინაციის გამოყენება ამ შემთხვევაში, სწორი არ არის. არამედ, ჯერჯერობით მოიხსნა „სინოფარმზე“ ლიმიტები, რადგან ბევრი იყო ქვეყანაში, ვინც ითხოვდა, რომ მისცემოდათ ახალგაზრდა ასაკში აცრის საშუალება. „სინოფარმი“ გამოიყენება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რეგისტრირებულია უნგრეთში, სერბეთში. მხოლოდ სერბეთში ორი მილიონი დოზაა გამოყენებული, აღარ ვსაუბრობ იმ 200 მილიონამდე დოზაზე, რომელიც ჩინეთშია გამოყენებული.

ვაქცინა არის მაღალეფექტური, 79  პროცენტი არის სიმპტომური დაავადების საწინააღმდეგო ეფექტით, თითქმის 100 პროცენტამდე იცავს ჰოსპიტალიზაციისგან, მძიმე მიმდინარეობისგან და სიკვდილისგან. რაც არის გამოქვეყნებული კვლევები, 18-დან 60 წლამდე ეფექტურია, თუმცა 60 წლის ზემოთაც არის რეკომენდებული. ყველა ვაქცინაზე არის ერთი და იგივე მოწოდება, არ შეიძლება ვაქცინის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ მის პირველ დოზაზე ადამიანს ჰქონდა ალერგიული მძიმე რეაქცია. ეს ეხება ყველა ვაქცინას, „ფაიზერს“, „ასტრაზენეკას“ და „სინოფარმსაც“. რაც შეეხება აცრის წინ გამოკვლევებს, ერთი დოკუმენტი მაინც მაჩვენეთ საერთაშორისო, ან ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან ამერიკის წამლის სააგენტოს, ერთი დოკუმენტი მომიტანეთ, სადაც წერია, რომ ვინმეს რამე გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაციის წინ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი