პაატა იმნაძე – მნიშვნელოვანი იქნება, ახალგაზრდებმა რამენაირად დაარწმუნონ ბებია-ბაბუები, რომ აცრა იცავს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეპიდვითარებასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების მნიშვნელობას ხანდაზმულებში.
ამასთან, პაატა იმნაძემ ყურადღება გაამახვილა პროცესში ახალგაზდების როლსა და ჩართულობაზე. ამ თვალსაზრისით, მან ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში სოფლებში მოგზაურობის დროს ახალგაზრდებთან დაკავშირებით შეძენილი გამოცდილება გაუზიარა საზოგადოებას.
როგორც იმნაძე ამბობს, მნიშვნელოვანი იქნება, ახალგაზრდების მხრიდან დახმარება, რამენაირად დაარწმუნონ ბებია-ბაბუები, რომ აცრა იცავს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
„სოფლებში რამდენიმე სკოლაში შევხვდი ბავშვებს, სოფლებში ვნახე ძალიან კარგი ბავშვები, რომლებიც ასე ვთქვათ, დამპირდნენ, რომ აცრებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიტანენ თავიანთ მშობლებთან, ბებიებთან და ბაბუებთან. გასაგებია, რომ ამ ახალგაზარდებს აქვთ მეტი საშუალება, სოციალური მედიის გზით გაეცნონ ინფორმაციებს. სხვათა შორის, საკმაოდ კარგად არჩევენ ერთმანეთისგან დეზინფორმაციას და ნამდვილ ინფორმაციას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამ ახალგაზრდების გამოყენება, რომ მათ რამენაირად დაარწმუნონ განსაკუთრებით თავიანთი ბებიები-ბაბუები, რომ აცრა იცავს პირველ რიგში, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.