პაატა იმნაძე - გავიგოთ, გავითავისოთ, ვართ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია

დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

იმნაძემ მოსახლეობას მოუწოდა, წესებს დაემორჩილონ, რათა დღემდე დიდი შრომით მიღწეული შედეგი წყალში არ ჩაიყაროს.

„დღეს, მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარ გვაქვს, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია. ხვალ ჩემს თანამშრომელს ასაფლავებენ, ზურა მირიანაშვილს, კაცს, რომელსაც ოთხი სტენტი ჰქონდა გულში ჩადგმული და ყოველ დღე და ღამეს ათენებდა, მუშაობდა, ვერ გავაჩერეთ, რადგან იცოდა, რომ თავის სამშობლოს ემსახურებოდა, თავის ქვეყანას ემსახურებოდა. ზურას ხსოვნის გულისთვის, ხალხო, ნუ გავაკეთებთ იმას, რომ ის, რაც გავაკეთეთ, დღემდე გავაჩერეთ, მაქსიმალურად გავაჩერეთ, წყალში ჩავყაროთ ეს ყველაფერი. 

არ შეიძლება ასე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ეს არ ეხება, სხვათა შორის, მარტო ეკლესიას, ეს ეხება იმასაც, რომ ოჯახებში ვრცელდება. ხომ ხედავთ, სტატისტიკა ხომ იცით, მთელმა საქართველომ ზეპირად იცით. თითო ოჯახში ხუთი, ექვსი, შვიდი ავადმყოფია, სამეგობროში, სამეზობლოში, ოჯახებში. გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭირო, არათუ გარეთ.

თუ ეს ყველამ არ გავითავისეთ, ასე,  ცოტა ხანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად, მოერიდეთ ერთმანეთსაც კი, თუ ვინმე ოჯახებიდან გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე. გაიგეთ ხალხნო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით. ჩვენ გვექნება უდიდესი მსხვერპლი. აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ“ , – განაცხადა იმნაძემ.