პაატა იმნაძე - გარკვეული ბიზნესების გახსნის წინაპირობა შეიძლება მათი თანამშრომლების ტესტირება იყოს
პაატა იმნაძე - გარკვეული ბიზნესების გახსნის წინაპირობა შეიძლება მათი თანამშრომლების ტესტირება იყოს

გარკვეული ბიზნესების გახსნის წინაპირობა შეიძლება მათი თანამშრომლების ტესტირება იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გაფართოებული ტესტირების ფარგლებში რაც შეიძლება მეტი უსიმპტომო ინფიცირებული გამოვლინდეს.

„მნიშვნელოვნად მოიკლო შემთხვევებმა. გატესტილი ადამიანებიდან 13 პროცენტამდე ჩამოვიდა დადებითი შემთხვევები. კიდევ უფრო უნდა ჩამოვიდეს შემთხვევების რაოდენობა, რომ უფრო ადვილი იყოს გახსნა. მნიშვნელოვანია ეს გაფართოებული ტესტირება, რომ რაც შეიძლება მეტი მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარე ფორმები გამოვლინდეს, რათა რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევიდან დაიწყოს გახსნა. სასულიერო პირები, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები იტესტებიან. 2 000-მდე ადამიანია გატესტილი. ასევე ბაზარში მოვაჭრეები და ტაქსის მძღოლები იტესტებიან. ანუ მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვიცვათ ყველა ის ჯგუფი, რომელსაც შეხება აქვს ადამიანებთან. რაც შეეხება ბიზნესებს, ამაზეც მიდის მუშაობა, რომ გარკვეული ბიზნესების გახსნის და მუშაობის წინაპირობა შეიძლება სწორედ თანამშრომლების ტესტირება იყოს. ეს შეიძლება პარალელურადაც მოხდეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.