პაატა ღუდუშაურმა ორწლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა - სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობ [ვიდეო] #1TVSPORT
„სამტრედიასთან“ მოგებული შეხვედრის გმირმა, პაატა ღუდუშაურმა იძულებითი, ორწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, თავი პირველად გამოიჩინა.
„ჩვენ „სამტრედიას“ სახით ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომელსაც გამოცდილი სპეციალისტი, გია ცეცაძე უდგას სათავეში. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენეთ და გავიმარჯვეთ. იძულებითი პაუზის შემდეგ პირველი გოლი გავიტანე და სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობ – ძალინ ბედნიერი ვარ. გავაგრძელებთ წინსვლას, შემდეგი მატჩებისთვის მოვემზადებით და ვეცდებით, ასევე გავაგრძელოთ“, – განაცხადა პაატა ღუდუშაურმა.
ეროვნული ლიგის მე-2 ტურში, „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გორის „დილამ“ „სამტრედია“ პაატა ღუდუშაურის შესანიშნავი თამაშით დაამარცხა – 0:2. „დილას“ მატჩის გმირი იყო 23 წლის ფეხბურთელი, რომელმაც გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის ბრალდებით ორწლიანი დისკვალიფიცია მოიხადა, ის მე-10 წუთზე საჯარიმოში მცველებს იოლად გასცდა და ლამაზი, მოჭრილი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.
გორელებმა ტაიმის ბოლოს უპირატესობა ისევ ღუდუშაურის წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად გაზარდეს. გორელთა შემტევის განვითარებული იერიში ირაკლი ბუღრიძემ დაასრულა, „დილამ“ 0:2 მოიგო და ეროვნულ ლიგაში ასპროცენტიანი შედეგით დაწინაურდა.