პაატა დავითაია ვარაუდობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებიდან გამომდინარე, აქციები შეწყდება
პაატა დავითაია ვარაუდობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებიდან გამომდინარე, აქციები შეწყდება

პარტია „ევროპული დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია აცხადებს, რომ მართლმსაჯულების ნაწილზე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებასთან დაკავშირებით შეუძლია, მხოლოდ მემორანდუმით იხელმძღვანელოს.

რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს, რომ დიპლომატების მონაწილეობით შეხვედრაზე პატიმრების კონკრეტული გვარები დასახელდა, პაატა დავითაია აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე კოლეგების პოზიციებს მოისმენს.

„ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა, რომ შემიძლია ვიხელმძღვანელო მხოლოდ და მხოლოდ მემორანდუმით, რომელიც წავიკითხე. ამ მემორანდუმში კონკრეტული გვარები არ არის. ითქვა, რომ, გვარებზე იყო საუბარი მოლაპარაკებების მაგიდასთან, იყო ღიად დაფიქსირებული, იყო გარანტიები დიპლომატიური კორპუსისგან გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით. ამიტომ მოვისმენ ჩვენი კოლეგების პოზიციებს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

აქციებთან დაკავშირებით კი პაატა დავითაია განმარტავს, რომ შეთანხმებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, აქცია აღარ გაიმართება.

პოლიტიკური ვითარების გარდა, პაატა დავითაია ამბობს, რომ ასევე კორონავირუსის გამო, არ იცის, სამომავლოდ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს.

„რაც შეეხება აქციებს, ჩვენ ვიხილავდით ამ თემას და რადგან შეთანხმება შედგა, ალბათ აქცია აღარ იქნება, მაგრამ ამ პოლიტიკური ნაწილის გარდა, არის სიტუაცია, რომელიც შექმნილია კორონავისურსთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. ჩვენ უნდა გამოვიდეთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

აშშ-ის საელჩომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ტექსტი გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.