პაატა ბურჭულაძის შვილი აცხადებს, რომ მისი ოფისის თანამშრომელმა კორონოვირუსზე რამდენიმე ცრუ შეტყობინება ხუმრობით გააგზავნა [ვიდეო/ფოტო]

პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მისმა თანამშრომელმა კორონავირუსზე ცრუ შეტყობინება რამდენიმე მეგობართან ხუმრობით გაგზავნა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მის კუთვნილ ოფისში განუცხადა, სადაც ამ დროისთვის ჩხრეკა მიმდინარეობს.

ჩხრეკა კორონავირუსის შესახებ ცრუ და პანიკის შემცველი სატელეფონო შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება.

„ჩემი ინფორმაციით, არავინ არ არის დაკავებული. გუშინ, როდესაც მოხდა მთავრობისგან საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნა, ამავდროულად რომელიღაც სხვა კომპანიიდან დაიგზავნა გარკვეული რაოდენობის  ცრუ მესიჯები. დაემთხვა ისე, მთავრობის შეტყობინებების დაგზანის შემდგომ, ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი გაეხუმრა ოჯახის წევრებს, დედას, დას და ორ მეგობარს. დააგზავნა ექვსი მესიჯი.  რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი რამ მოხდა. ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა ამასთან დაკავშირებით და ჩავატარეთ შიდა გამოძიება. თავად გამოტყდა ეს თანამშრომელი, რომ ხუმრობის სახით, მხოლოდ თავის ოჯახის წევრებს, ახლობლებს გაეხუმრა და გაუშვა მესიჯები. ეს თანამშრომელი გათავისუფლებულია სამსახურიდან“, – აღნიშნა შუქრი ბურჭულაძემ.

შუქრი ბურჭულაძის კუთვნილი კომპანია სარეკლამო შეტყობინენების დაგზავნაზე მუშაობს.