სერგო ჩიხლაძე - ივერი მელაშვილს არ უთქვამს, დავით გარეჯი ჩვენია, თუ არ არის ჩვენი, ეს განცხადება მოვისმინე და კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ივერი მელაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ივერი მელაშვილს არ დაუსვამს საკითხი იმგვარად, არის თუ არა დავით გარეჯი საქართველოსი.
„არ არის ასე, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, მთლიანი ინტერვიუა სანახავი, მას არ უთქვამს ეს, დავით გარეჯი ჩვენია თუ არ არის ჩვენი. მოვისმინე და ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, მას ეს არ უთქვამს. არასწორი ინტერპრეტაციაა და მოგიწოდებთ მედიას ეს არასწორი ინტერპრეტაცია არ გააკეთოთ, ეს მავნებლობაა. ამ მავნებლურ განცხადებას და არასწორ ინტერპრეტაციას ნუ გააკეთებთ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
ამასთან, ივერი მელაშვილმა განაცხადა: „როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას“.