ოუენ ჰარგრივსი - ჯეიდონ სანჩო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება
ოუენ ჰარგრივსი - ჯეიდონ სანჩო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ოუენ ჰარგრივსმა დორტმუნდის „ბორუსიას“ ახალგარზდა ინგლისელი ფეხბურთელი ჯეიდონ სანჩო შეაფასა.

„სანჩო ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ აქ საუბარი იმაზეა, რომ რამდენიმე წელიწადში ის უნიკალური ფეხბურთელი იქნება და ალბათ „ოქროს ბურთსაც“ მოიგებს. მას უკვე ამ ასაკში აქვს საოცარი გავლენა თამაშზე. ამბობენ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ განვითარდნენ, თუმცა არსებობენ ისეთებიც, როგორებიც არიან უეინ რუნი და ჯეიდონ სანჩო“, – მოჰყავს ჰარგრივსის სიტყვები „ბი-თი სპორტს“ (BT Sport).

ჯეიდონ სანჩომ კარიერა „უოტფორდში“ დაიწყო, შემდეგ კი „მანჩესტერ სიტის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, სადაც ის დორტმუნდის „ბორუსიამ“ შენიშნა და ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში წაიყვანა თავისთან. გერმანულ კლუბში ჩატარებულ 70 მატჩში სანჩოს 27 გოლი აქვს გატანილი.