ოთხი ქართველი საქართველოს ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ - ბათუმის „დინამო“ შეკრებაზე „როტორს“ შეხვდება
ვოლგოგრადის „როტორი“, სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, თურქეთში მესამე შეკრების გასავლელად გაემგზავრა და საკონტროლო მატჩებიც დაგეგმა.
რუსეთში სეზონის განახლებამდე ეს გუნდისთვის მზადების ბოლო ეტაპია. ვოლგოგრადის გუნდი ბელეკში 15-დან 24 თებერვლამდე დარჩება – ამ პერიოდში თურქეთში ალექსანდ ხაცკევიჩის შეგირდები კიდევ ოთხ ტესტ-მატჩს ჩაატარებენ.
პირველი თამაში დაგეგმილია 16 თებერვალს, ვოლგოგრადელთა მეტოქე საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ იქნება. ასევე, გუნდი შეხვდება ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინს“ (18 თებერვალი), ბელორუსულ „ტორპედო-ბელაზს“ (20 თებერვალი) და ყაზახეთის „კაირატს” (23 თებერვალი).
ბათუმის „დინამოს“ მეტოქე, რუსეთის პრემიერლიგის ვოლგოგრადის „როტორში“ ოთხი ქართველი თამაშობს – საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, ნიკა ყიფიანი და გიორგი არაბიძე. გარდა ამისა, ვოლგოგრადელთა შემადგენლობაში ბათუმის „დინამოდან“ იჯარით გადასუკლი ჯოვინო ფლამარიონი თამაშობს, რომელმაც ბოლო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა.