ოთარ შამუგია - ვაკვირდებით მოვლენებს, რამდენად შესაძლებელი იქნება ხორბლის შემოტანა, შემდგომ სექტორთან ერთად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც მოსახლეობისთვის იქნება ეფექტური
ოთარ შამუგია - ვაკვირდებით მოვლენებს, რამდენად შესაძლებელი იქნება ხორბლის შემოტანა, შემდგომ სექტორთან ერთად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც მოსახლეობისთვის იქნება ეფექტური

ვაკვირდებით პროცესებს, როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად შესაძლებელი იქნება, ხორბლის შემოტანა ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, შემდგომ უკვე სექტორთან ერთად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება მისაღები და ეფექტური, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან თუ საჭირო გახდება გარკვეული ჩარევა, რათა დაეხმაროს სექტორს, ამას განახორციელებს, თუმცა, როგორც შამუგიამ აღნიშნა, მთავრობის პირველი ამოცანაა, მოსახლეობას მნიშვნელოვნად არ გაუძვირდეს პურის ფასი.

„ვაკვირდებით, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ცვალებადია. იყო ძალიან მზარდი დინამიკა, გაზაფხულის შემდგომ, ზაფხულის პერიოდამდე. ჩვენ აქტიურად არ ჩავერიეთ ამ პროცესში, ვინაიდან ჩარევას მოჰყვებოდა პურის ფასის გაძვირება და მაქსიმალურად შევძელით, რომ შეგვენარჩუნებინა პურის ფასი და შემდგომში უკვე კლებასთან ერთად, დავინახეთ, რომ გარკვეულ კატეგორიაზე პურის ფასი შემცირდა კიდეც 10 თეთრით. ახლა ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს და იმედია, ეს პროცესები მიღწეული იქნება საბოლოოდ შეთანხმებით და უკრაინიდან შესაძლებელი გახდება ხორბლის გატანა. ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს მუდმივად და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ჩარევა, იმისთვის, რომ დავეხმაროთ სექტორს, ჩვენ ამას განვახორციელებთ. თუმცა, ჩვენი პირველი ამოცანა არის, რომ პურის ფასი მოსახლეობას არ გაუძვირდეს მნიშვნელოვნად და აქედან გამომდინარე ვიღებთ სწორედ იმ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რომელზეც ვსაუბრობთ“, – აღნიშნა შამუგიამ.

ამასთან, კითხვაზე, „რა სახის შეიძლება იყოს ეს ჩარევა, კვლავ სუბსიდიის სახით, თუ გაქვთ სხვა გეგმა“, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ კონკრეტულად ახლა ვერაფერზე ისაუბრებს.

„კონკრეტულად ახლა ვერაფერზე ვისაუბრებთ. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სექტორთან და იცით, რომ წისქვილკომბინატებმა გარკვეული პერიოდით შეაჩერეს მუშაობა, რადგან ხორბლის ფასი გაძვირდა და უფრო კონკურენტული იყო ფქვილის შემოტანა ქვეყანაში. შემდგომ უკვე აღდგა ეს პროცესი. ამ თვეში დაახლოებით 25 ათას ტონაზე მეტი ხორბალია შემოსული, წისქვილკომბინატებმაც აღადგინეს მუშაობა. შესაბამისად, ვაკვირდებით პროცესებს, როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად შესაძლებელი იქნება, ხორბლის შემოტანა ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, შემდგომ უკვე სექტორთან ერთად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება მისაღები და ეფექტური“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.