ოთარ ნადარაია - 2020 წელს ეკონომიკა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით ხუთი პროცენტით გაიზრდება
ოთარ ნადარაია - 2020 წელს ეკონომიკა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით ხუთი პროცენტით გაიზრდება

2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით ხუთი პროცენტით გაიზრდება, ტურიზმიდან კი გაცილებით უკეთეს შედეგს ველოდებით, ვიდრე 2019 წელს, –  ამის შესახებ „თიბისი ჯგუფის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები და გასული წლის მთავარი ტენდენციები განიხილეს, რაც ზოგადად ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას ახდენს.

„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტის პროგნოზით, რაც „თიბისი ჯგუფის“ 2019 წლის დეკემბრის თვის ეკონომიკურ კვლევას ეყრდნობა, წელს საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მცირე 4.5 პროცენტით გაიზრდება.

„თიბისის კვლევის მოდელის მიხედვით, რომელიც შემოდინებების, ფისკალური კომპონენტისა და სესხების ზრდის პროგნოზს ეყრდნობა (სხვა დეტალებში აღარ შევალ), ამ მაჩვენებლებით 2020-ში დაახლოებით, ხუთ პროცენტიანი ზრდა გამოგვდის. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელია და გარკვეული საარჩევნო განწყობები შეიძლება ნეგატიური იყოს, საბაზისო სცენარით 4.5 პროცენტი უფრო რეალისტურია დღევანდელი გადმოსახედიდან. თუ შედარებით არაოპტიმისტური განწყობები იქნება, დანაკლისი შეიძლება გამოჩნდეს სესხებში, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ნაწილობრივ ტურიზმსა და იმპორტში“, – განაცხადა ნადარაიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ წელს გაგრძელდება ფისკალური სტიმულის დადებითი ეფექტი, რომელიც 2019 წელს ძალიან ძლიერი იყო მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურისტული შემოდინებების კლების ფაქტორებმა ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა იქონიეს. თუმცა წელს ნადარაია ტურიზმის სექტორისგან ბევრად უკეთეს შედეგს ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის კურორტებზე წყლის მიწოდების შეფერხების გამო, წელი უსიამოვნოდ დაიწყო.

„მიუხედავად იმისა, რომ არის წყლის პრობლემები და ა.შ. 2020 წელს ტურიზმის კუთხით მაინც ბევრად უკეთეს შედეგს ველოდებით, ვიდრე 2019 წელს. ამის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ ტურიზმის კუთხით შემოდინებების შენელება, რაც ზაფხულის მერე გვქონდა, უკვე აღმოიფხვრა. მაგალითად 40 პროცენტით იზრდება ტურისტების ნაკადი ევროკავშირიდან, ასევე ზრდაა ცენტრალური აზიის რეგიონიდან და ისრაელიდან. დოლარში გამოხატული ძალიან დიდი ზრდა არ გვაქვს ჩადებული (კვლევაში), მხოლოდ10 პროცენტი გვაქვს. მაგრამ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რუსეთიდან და ირანიდან ტურისტების კლების მიუხედავად, გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ვალუტაში არსებული გათვლებით წლიურ დონეზე 5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ეს (რუსეთისა და ირანის) ეფექტი რომ გაივლის, შედეგი უკეთესი იქნება“, – განმარტა ნადარაიამ.

„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტის პროგნოზით, წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით ხუთი პროცენტით გაიზრდება, რაც მოწინავე მაჩვენებელი არ არის, მაგრამ არც ძალიან ცუდია.

„საბოლოო სცენარით 2019 წელთან შედარებით დაახლოებით ხუთ პროცენტიანი ზრდა გვაქვს დაგეგმილი. ეს პროგნოზი ითვალისწინებს იმ დაშვებას, რომ შესაძლოა, არ განხორციელდეს ისეთი მსხვილი მეგაპროექტები, როგორიცაა ანაკლიის პორტი და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური. ამათ გარეშე, კვარტალში (რეინვესტირების ჩათვლით) დაახლოებით 200 მილიონი დოლარი შემოვა. ეს, რა თქმა უნდა, რეკორდული მაჩვენებელი არ არის, მაგრამ არც დაბალია და ბევრ ქვეყანაზე მეტია“, – განუცხადა ოთარ ნადარაიამ „ბიზნესპარტნიორს“.