ოთარ კიტეიშვილის გოლი ავსტრიის ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესოთა შორის მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT
გამოცემა Fußball-Bundesliga-მ ავსტრიის ბუნდესლიგის საიუბილეო, 50-ე წლისთავთან დაკავშირებით, 1974 წლებიდან მოყოლებული, სხვადასხვა დროს გატანილი 50 გოლი გამოარჩია და მათ შორის საუკეთესოს გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. რჩეულთა შორის ოთარ კიტეიშვილის მიერ 2023-24 წლების სეზონის მე-7 ტურში „ზალცბურგთან“ გატანილი ბურთიც მოხვდა, რომელიც ოთარმა გასული წლის 16 სექტემბერს გაიტანა და იმ შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა.
„აი, როგორ მოხდა ყველაფერი: კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კიტეიშვილმა მიიღო და დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარში შევარდა, „ზალცბურგის“ მეკარეს, ალექსანდრ შლიაგერს მისი აღების შანსი არ ჰქონდა. იმ გოლით ანგარიში გათანაბრდა – 1:1 (შეხვედრა 2:2 დასრულდა)“, – წერს გამოცემა.
გოლები ათწლეულების მიხედვითაა დალაგებული და საუკეთესოს გამოსავლენად ხმის მიცემა ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია.