ოთარ კიტეიშვილი - ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, მოგება შეგვიძლია
ოთარ კიტეიშვილი - ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, მოგება შეგვიძლია

ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან 12 ნოემბრის შეხვედრას (ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალს გამოტოვებს), იმედიანადა არის განწყობილი – გრაცის „შტურმის“ შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ აცხადებს, რომ ჩვენი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების სჯერა.

„ეს არ იქნება ჩვენი და ჩრდილოეთ მაკედონიის წინა ორი მატჩის მსგავსი დაპირისპირება. მე უფრო დაძაბულ და მძიმე მატჩს ველოდები. წინა ორ შეხვედრაში, ფაქტობრივად, მეტოქეს საგოლე მომენტი არ შეუქმნია, ორი შანსი ჰქონდათ და ორივე გოლად აქციეს. ჩვენ კი ბევრი მომენტით ვერ ვისარგებლეთ, მაგრამ იმედია, ამ შეხვედრაში ბევრად მეტს გავიტანთ, ვიდრე ჩრდილოეთ მაკედონია, ამ შეხვედრას ყველა ფეხბურთელი დიდი ხანი ველოდით და ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, მოგება შეგვიძლია და უნდა მოვიგოთ. ყველა ამ განწყობით იქნება და დარწმუნებული ვარ, ამას გავაკეთებთ“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

24 წლის ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ უმაყურებლოდ თამაში რთული იქნება: „მაყურებელი „დინამო-არენაზე“ საქართველოს ნაკრებისთვის ყოველთვის დამატებითი ძალაა. ეს არის უდიდესი დანაკლისი, რომ გულშემატკივარი თამაშს ვერ ესწრება. ასე თამაშს ვერასოდეს შეეჩვევი. სულ რაღაც გაკლია და განსხვავებული შეგრძნებაა იმასთან შედარებით, რასაც სავსე „დინამო-არენაზე“ გრძნობ“.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა „დინამო-არენაზე“ 12 ნოემბერს გაიმართება. მოგების შემთხვევაში, ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ეროვნული გუნდის ისტორიული მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი