ოთარ კიტეიშვილი - ჩვენი მიზანი საბერძნეთთან ქულების მოპოვებაა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი - ჩვენი მიზანი საბერძნეთთან ქულების მოპოვებაა #1TVSPORT

სალონიკის „ტუმბა არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენციაზე ოთარ კიტეიშვილი იმყოფებოდა – „ჯვაროსნების“ 24 წლის ნახევარმცველი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საბერძნეთთან ხვალინდელ დაპირისპირებას იმედიანად ელის. 

„საბერძნეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ორი მატჩის შემდეგ, სამწუხაროდ, ქულა ვერ მოვიპოვეთ, დასანანი შეხვედრები წავაგეთ. ამიტომ საბერძნეთის წინააღმდეგ ჩვენი მიზანი ქულების მოპოვებაა. ვთვლი, რომ ხვალ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და იმედი მაქვს, მიზანს მივაღწევთ“, – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მეტოქე დაახასიათა: „რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, საკმაოდ კარგი გუნდია, მათ ესპანეთის წინააღმდეგ ერთი ქულის აღება შეძლეს, რაც შეუძლებელია შემთხვევითობა იყოს. საბერძნეთთან თანაბარ თამაშს ველოდები“.

საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 31 მარტს სალონიკის „ტუმბა არენაზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. კოვიდ 19-ის რეგულაციების გამო საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.