ოთარ კახიძე - „ქართული ოცნება“ ცდილობდა, საზოგადოების ყურადღება საკუთარი პასუხისმგებლობიდან ოპოზიციაზე გადაეტანა
ოთარ კახიძე - „ქართული ოცნება“ ცდილობდა, საზოგადოების ყურადღება საკუთარი პასუხისმგებლობიდან ოპოზიციაზე გადაეტანა

დღეს, პარლამენტში „ქართული ოცნება“ ცდილობდა, საზოგადოების ყურადღება საკუთარი პასუხისმგებლობიდან ოპოზიციაზე გადაეტანა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„მათ 20 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“, სრულიად არაპროპორციული ძალა გამოიყენეს ჯერ ე.წ. საფრთხის აღსაკვეთად და შემდეგ, პირდაპირი ნადირობა დაიწყეს ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილე ახალგაზრდებზე; გამოიყენეს ისეთი ტიპის ტყვიები, რომელიც ადამიანების დასახიჩრებას იწვევს. ესროდნენ დამიზნებით თავის არესა და თვალებში. ამ სიმხეცეზე და ველურობაზე, რაც მათი პასუხისმგებლობის ქვეშ მოხვდა, დასასჯელი ჰყავთ კონკრეტული პირები, ხოლო მინისტრი – გადასაყენებელი. ისინი ცდილობდნენ, ყურადღება აქედან გადმოეტანათ იმაზე, რომ თურმე, აქ, პარლამენტის ჭიშკართან ვინმე გადატრიალებას გეგმავდა“, – განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, პროკურატურამ ფარატინა ქაღალდი გადმოაგდო, სადაც ეწერა, რომ დეპუტატი ნიკა მელია მასობრივ ძალადობას ხელმძღვანელობდა.

„ამას არ მოჰყვა არც ერთი მტკიცებულება; არ მოგვცეს არც ერთი მოწმის დაკითხვის ოქმი, არც ერთი ჩვენება, არც ერთი ვიდეოფაილი და არც ერთი სამხილი, რაც ამ მტკიცებას გაამყარებდა, ხოლო „ქართული ოცნების“ მონურად მორჩილმა უმრავლესობამ მაინც აწია ხელი და დააჭირა იმ ღილაკს, რითაც კოლეგას უფლებამოსილება პრაქტიკულად, შეუჩერეს და პატიმრობაზე გასცეს სანქცია“, – განაცხადა კახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ შევიდნენ ისინი სხდომათა დარბაზში, რათა კენჭისყრის დროს საწინააღმდეგო ხმები დაეფიქსირებინათ, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ ნიკა მელიას თხოვნა იყო, კენჭისყრის დროს, „ქართული ოცნების“ მორჩილი უმრავლესობის წინააღმდეგ მარტო ყოფილიყო. 

„ეს ჩვენი სურვილი არ ყოფილა. ჩვენ უნდა შევსულიყავით და ჩვენი აზრი დაგვეფიქსირებინა. ისევე, როგორც ეს კომიტეტის სხდომაზე გავაკეთეთ, მაგრამ ნიკას თხოვნა გავითვალისწინეთ, ვინაიდან ეს პატიმრობა მას ეხებოდა და მის სურვილს გვერდი ვერ ავუარეთ“, – განაცხადა კახიძემ.

კახიძემ ასევე განაცხადა, რომ ეს პარლამენტარიზმის ისტორიაში ძალიან სამარცხვინო ფურცელი იყო.

მისივე თქმით, მოვლენების კასკადი, რომელიც გავრილოვის ჩამოყვანით და პარლამენტში დასმით დაიწყო, შეიძლება შეფასდეს, როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გაკოტრების პროცესი.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ ხელისუფლების დელეგიტიმაციას, რომელიც ისედაც არის მმართველობის მახინჯი ფორმა. მაგალითად, ხვალ, პრემიერი მოდის პარლამენტში და პოლიტიკაში ჩართულმა ყველა მოქალაქემ იცის, რომ ის პოლიტიკურად არაფერს წარმოადგენს; მას ძალაუფლება არ აქვს და მინისტრები არ ემორჩილებიან“, – განაცხადა კახიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს ნიკა მელიას მოწოდებაში, როცა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს უთხრა, პარლამენტის შენობაში გადაენაცვლებინათ, ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ 20 ივნისის მოვლენები ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მაგრამ ნიკა მელიას ადგილზე ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა, რადგან ასეთ სიტუაციებში ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთება ძალიან საშიშია.

„შეიძლება, ამან სხვადასხვა პროცესები გამოიწვიოს. ამიტომ, ამ განცხადების გაკეთებას მოვერიდებოდი. თუმცა, შეუძლებელია ამის ისე გასაღება, რომ იქ რაღაც საშინელება მოხდა. პოლიციელებს, ვინც გამოჰყავდათ, არავინ არაფერს უშავებდა. იქ ბრუტალური ძალადობა არ ყოფილა; მომიტინგეები აღჭურვილი არ ყოფილან. ეს იყო შეხლა-შემოხლა, ძალიან უსიამოვნო ინციდენტი“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.