ოთარ კახიძე - ნებისმიერი მოდელი, რომელიც პროპორციულობის პრინციპს ეფუძნება, მისაღები იქნება, თუკი ამ შეთავაზებას გააკეთებს ხელისუფლება
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის მეხუთე რაუნდზე ნებისმიერი მოდელი, რომელიც პროპორციულობის პრინციპს ეფუძნება, მათთვის მისაღები იქნება, თუკი ამ შეთავაზებას გააკეთებს ხელისუფლება. მისი თქმით, ოპოზიცია ღია მსჯელობისთვის მზად არის.
„ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ მთავარ პრინციპს – რადგან ისინი ამბობენ, რომ პროპორციული სისტემა, როგორც ასეთი, მათთვის მიუღებელი ან მიუღწევადია; გერმანული მოდელი ერთ-ერთი ვარიანტია იმისა, რომ მთავარი პრინციპი იყოს დაცული. რამდენი მხარდაჭერაც გაქვს ხალხში, იმდენი წარმომადგენელი უნდა გყავდეს პარლამენტში. ამ პრინციპს რომელი მოდელიც ასახავს, ნებისმიერი მოდელის მისაღებად ოპოზიცია ღიაა მსჯელობისთვის.
ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით ვართ ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ნებისმიერი მოდელი, რომელიც ეფუძნება პროპორციულობის პრინციპს, იქნება მისაღები, თუკი ამ შეთავაზებას გააკეთებს ხელისუფლება“, – აცხადებს კახიძე.
მისივე თქმით, ეუთო/ოდირისგან მიიღეს დასკვნა, სადაც არ არის დაფიქსირებული, რომ მათი პროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
„შესაბამისად, ნებისმიერი მოდელისთვის, რომელიც პროპორციულობის პრინციპს შეეფერება და შეესაბამება, ჩვენ ვართ მზად მოლაპარაკებებისთვის. ის, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს – 150 დეპუტატის გაყოფას, 100/50, მიუღებელია, რადგან თეორიულად საშუალებას იძლევა, მესამედის მხარდაჭერაც არ ქონდეს პოლიტიკურ ძალას და ისე დააკომპლექტოს მთავრობა. რაც შეეხება უფრო მაღალ კვოტებს, თუკი ეს მიუახლოვდება მხარდაჭერის იმ რაოდენობას, 45 პროცენტს მაინც, უკვე შეიძლება, პოლიტიკურმა ძალამ თქვას, რომ მას მანდატი აქვს მთავრობის დასაკომპლექტებლად. არა ის შემთხვევა, როდესაც მესამედის მხარდაჭერაც არ აქვთ. შესაბამისად, ამ რაოდენობასთან თუ იქნება მიახლოებული, ამ საკითხზეც ჩვენ ვართ ღია, ვიმსჯელოთ და შეიძლება კონსენსუსის მიღწევაზე საუბარი“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.