ოთარ კახიძე - „ენდიაი“ არ არის ხოლმე პარტიული მხარდაჭერის საუკეთესო მსაზღვრელი
ოთარ კახიძე - „ენდიაი“ არ არის ხოლმე პარტიული მხარდაჭერის საუკეთესო მსაზღვრელი

„ენდიაი“ არ არის ხოლმე პარტიული მხარდაჭერის საუკეთესო მსაზღვრელი, – ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ენდიაის“ კვლევა სხვა კვლევებისგან იმით განსხვავდება, რომ ზედმეტად მაღალია გამოკითხულთა უარი პასუხებზე.

„ზედმეტად მაღალია იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც არ ასახელებენ საკუთარ არჩევანს განსხვავებით „აირაის“ კვლევისგან, სადაც სხვა რიცხვებია. როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციური ამომრჩეველი უფრო მეტად ამჯობინებს თავისი არჩევანი არ გათქვას. მკვლევარების პასუხისმგებლობაა, ისე წარმართონ გამოკითხვის პროცესი, რომ ჩაეძიონ გამოკითხულებს და მიიღონ პასუხები. ამას აკეთებს „აირაი“ და არ აკეთებს „ენდიაი“. შესაბამისად, „ენდიაი“ არ არის ხოლმე საუკეთესო მსაზღვრელი პარტიული მხარდაჭერის. ​გამოკითხულების ნახევარი საკუთარ არჩევანს არ ამხელს. ოთხი პროცენტი გვეუბნება იმას, რომ კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია ცოტა განსხვავებულია. მანამდე იყო „აირაის“ კვლევა, სადაც პარტიას შვიდი პროცენტი გვაქვს, ზრდაა. „აირაის“ კვლევის შემთხვევაში ბევრად ნაკლებია უარი პასუხებზე, ვიდრე „ენდიაის“ შემთხვევაში. ვთვლით, რომ უარი პასუხზე და მაღალი მაჩვენებელი განაპირობებს ამ ცდომილებას.

„ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მაღალი პროცენტი აქვს, ვიდრე ჩვენ, მაგრამ მათი მხარდაჭერა 9 პროცენტია? ამას სერიოზულად ამბობთ? როცა 50 პროცენტი არ ასახელებს საკუთარ არჩევანს, მათი დიდი ნაწილი ოპოზიციურად განწყობილია. არც „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერაა ოთი პროცენტი და არც „ნაციონალური მოძრაობის“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 9 პროცენტი, „ევროპულ საქართველოსა და „პატრიოტთა ალიანსს“ – 4 პროცენტი.

დატოვე კომენტარი