ოთარ კახიძე - არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ერთიანობა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს
ოთარ კახიძე - არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ერთიანობა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო“ საერთაშორისო არენაზე მის ხელთ არსებულ ყველა რესურს გამოიყენებს, რათა ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის საქმეების გამო რუსეთს დისკომფორტი შეექმნას.

ჟურნალისტებთან საუბარში ოთარ კახიძემ ხაზი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას გაუსვა და აღნიშნა, რომ ე.წ. ოთხოზირიას სია უნდა მომზადდეს და ყველა ის პირი უნდა დაისაჯოს, ვისაც მონაწილეობა მსგავს საქმეებში აქვს მიღებული.

„ე.წ. ოთხოზორიას სია უნდა მომზადდეს, სადაც ყველა ეს პირი უნდა შევიდეს. მათი დასმა საერთაშორისო ძებნაზე უნდა მოხდეს და მათ მიმართ სანქციები უნდა გავრცელდეს. მსგავს ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირება უმკაცრესი უნდა იყოს. „ევროპული საქართველო“ მის ხელთ არსებულ ყველა რესურს გამოიყენებს, რათა რუსეთის ფედერაციას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას. ამასთან, საპარლამენტო რეზოლუცია მომზადდება, სადაც ეს ფაქტები დაგმობილი იქნება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე ყურადღება გამახვილდება. ეს პარტიული საკითხი არ არის, ამ საკითხზე მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ პარლამენტში ყველასთან ვითანამშრომლოთ. ახლა ერთიანობა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს“, – განაცხადა კახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციას ამზადებს. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ რეზოლუციაში მოწოდება იქნება გაკეთებული, რომ ტატუნაშვილის საქმის საერთაშორისო გამოძიება მოხდეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუშვან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.