ოთარ კახიძე - ადამიანი, რომელიც ქამრებითა და კომბლებით გამოდის, აყალიბებს რაზმებს, არ არის ადეკვატური და აცდენილია თანამედროვე რეალობას
ოთარ კახიძე - ადამიანი, რომელიც ქამრებითა და კომბლებით გამოდის, აყალიბებს რაზმებს, არ არის ადეკვატური და აცდენილია თანამედროვე რეალობას

ადამიანი, რომელიც ქამრებითა და კომბლებით გამოდის, რაღაც რაზმებს აყალიბებს, არ არის ადეკვატური და აცდენილია თანამედროვე რეალობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოთარ კახიძემ განუცხადა, რომელიც ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებებს გამოეხმაურა.

კახიძის თქმით, ლევან ვასაძის განცხადებები საფრთხის შემცველია, ცუდ განწყობებს აღვივებს და ადამიანებს უმცირესობების მიმართ ძალადობისკენ მოუწოდებს.

„ამაზე რეაგირებაა საჭირო. ძალოვანი უწყებები იმიტომ გვყავს, რომ მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები გარანტირებული იყოს. პირველ რიგში, მოქალაქეები ძალადობისა და ლევან ვასაძის მსგავსი წარმონაქმნებისგან უნდა იყვნენ დაცული”, – განაცხადა კახიძემ.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 16 ივნისს, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება. ამასთან, ვასაძემ აღნიშნა: „არ მოვალთ იარაღით, მოვალთ შიშველი ხელებით და ქამრებით, მაგრამ გარდა ამისა, გვექნება კომბალი, კომბალი არ არის ცივი იარაღი“. აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.