ოთარ კაკაბაძე - უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთესი ნაკრები გვყავს
ოთარ კაკაბაძე - უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთესი ნაკრები გვყავს

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ტენერიფეს“ მცველმა, ოთარ კაკაბაძემ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა, რომლის გამარჯვებულიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

„სამწუხაროა, რომ გულშემატკივარი არ იქნება ტრიბუნაზე, მაგრამ მათ მხარდაჭერას ნამდვილად ვგრძნობთ. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ორჯერ ვეთამაშეთ და მათ ძალიან კარგად ვიცნობთ. ვფიქრობ, რომ ამ თამაშზე კიდევ უფრო განსაკუთრებული განწყობით გავალთ. ეს ფინალია და ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“, – აცხადებს ოთარ კაკაბაძე.

25 წლის ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ „ჯვაროსნებს“ ამ შეხვედრის მოგება შეუძლიათ: „ვფიქრობთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთესი ნაკრები გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დავამტკიცოთ. ყველა ჩვენგანის კარიერაში ეს ყვლაზე გამორჩეული თამაში იქნება, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ“.

შეგახსენებთ, რომ კაკაბაძეს საქართველოს ნაკრებში 2015 წლიდან იწვევენ და მას შემდეგ ქვეყნის მთავარი გუნდის ფორმით 34 შეხვედრა ჩაატარა. ოთარი საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 2012 წელს სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე გახდა და ყველა შეხვედრა ჩაატარა. ჩვენმა გუნდმა მესამე ადგილის დაიკავა, ხოლო ტურნირის დასრულების შემდეგ უეფა-ს ჟურნალისტების ჯგუფმა 10 ტალანტი გამოარჩია, რომელთა შორის ოთარ კაკაბაძეც იყო.