ოთარ კაკაბაძე საქართველოშია და საბერძნეთისა და კოსოვოს ეროვნულ ნაკრებებთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.
პოლონური „კრაკოვიას“ ქართველმა ლეგიონერმა კომენტარი ეროვნული გუნდის მზადების შესახებ გააკეთა.
„ორი დღეა რაც შევიკრიბეთ, ოქტომბერში ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის და ორივე შემთხვევაში აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ“, – ამბობს ოთარ კაკაბაძე.
26 წლის მცველმა სტადიონზე გულშემატკივრის დაბრუნების შესახებაც ილაპარაკა:
„განსაკუთრებული მომენტია, რომ ბათუმში ვითამაშებთ და მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. მაქსიმალურად მოვინდომებთ და შევეცდებით, რომ ქომაგები გავახაროთ“.
საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს 9 ოქტომბერს ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო 12 ოქტომბერს პრიშტინაში კოსოვოს ესტუმრება. ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.