„კრაკოვიის“ ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ნაკრების მცველთან, ოთარ კაკაბაძესთან, რომელიც გუნდის ახალ კაპიტნად აირჩიეს, ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.
ევროპის ჩემპიონატზე თქვენი თამაშით, განსაკუთრებით მერვედფინალში გასვლით, ფეხბურთის ბევრი გულშემატკივარი გააოცეთ. რას ფიქრობთ ამაზე?
ვამაყობ, რომ ბევრმა, მათ შორის პოლონეთიდან, მკითხა, რა არის ჩემი მიზანი ევროზე. მე გითხარით, რომ იქ მხოლოდ მოგზაურობისთვის არ მივდიოდი. ვფიქრობ, შესანიშნავი შედეგი ვაჩვენეთ და ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევედით. ამით ბევრი გავაოცეთ.
ჯგუფურ ეტაპზე სამი ძალიან კარგი თამაში ჩაატარეთ. რომელ მომენტში დაიჯერეთ, რომ მეტის მიღწევა შეგეძლოთ?
სამივე მატჩში ბრძოლა თანაბარი და ძალიან რთული იყო. ფავორიტები არ ვყოფილვართ, მაგრამ მათ ვერ გვაჯობეს. თურქეთთან პირველი მატჩი ისტორიული იყო. ჩეხეთთან თამაშში ნაჩვენები შედეგი გადამწყვეტი იყო, რადგან ჯგუფიდან გასვლის შანსები შევინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, პორტუგალიასთან მატჩი ყველაზე განსაკუთრებული იყო, ჩვენ მოვახერხეთ მათი დამარცხება და პლეი ოფში გასვლა. იქ ბევრი ჩვენი გულშემატკივარი იყო და გავახარეთ. მათ დაუვიწყარი საღამო მოაწყვეს.
პორტუგალიასთან მატჩამდე, რომელიც უკვე ჯგუფიდან გასული იყო, გამარჯვების მართლა გჯეროდათ?
რა თქმა უნდა. პროფესიონალები ვართ და ქვეყანას წარმოვადგენთ. გვჯერა, შეგვიძლია, დავამარცხოთ მსოფლიოს ნებისმიერი გუნდი, თუნდაც ესპანეთი. ეს ფსიქოლოგიური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
როგორია კრიშტიანუ რონალდუსა და მისი თანაგუნდელების დამარცხება?
ეს ძნელი სათქმელია, რადგან მატჩის შემდეგ უამრავი რამ ხდებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გელზერკირხენის სტადიონსა და საქართველოს ქუჩებში გულშემატკივრების სიხარული იყო და არა ის, რომ რონალდუს ვაჯობეთ. თუმცა ჩემთვის და მრავალი სხვა მოთამაშისთვის ის კერპია. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვუყურებდი მას და მესის. რა თქმა უნდა, ამ მხრივ განსაკუთრებული დღე იყო.
რაც შეეხება მერვედფინალურ მატჩს ესპანეთთან?
რეალისტები უნდა ვიყოთ, ესპანელებმა შესანიშნავად ითამაშეს, ჩვენზე ბევრად უკეთესად. მათ გამარჯვება დაიმსახურეს. ვცდილობდით, მაქსიმუმი გაგვეკეთებინა. ერთი წუთით გაჩნდა ეს გრძნობა – ხომ არ მოვუგებთ. თუმცა, საბოლოოდ მეტოქემ გაიმარჯვა და არავინ იტყვის, რომ ეს უსამართლო შედეგი იყო. დღეს ესპანეთი საქართველოზე ბევრად ძლიერია. იმედი მაქვს, უახლოეს წლებში ჩვენ შევძლებთ, მათ დონეს მივუახლოვდეთ. ახლა კი თითქმის შეუძლებელი იყო მათთან გამკლავება.
მოგვიანებით ესპანეთმა ევროზე ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირის საუკეთესო გუნდმა რომ დაგამარცხათ, ეს ნუგეშია?
შეგვიძლია, ასეც ვთქვათ. მაგრამ მან, საქართველოს გარდა, ტურნირის საუკეთესო გუნდები დაამარცხა: იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი. ვფიქრობ, ინგლისი ფინალში სუსტი იყო, ესპანეთმა ტურნირის მოგება დაიმსახურა.
რას ნიშნავს თქვენთვის ეს შედეგი? მომავალში ეს ალბათ ანაზღაურდება.
უპირველეს ყოვლისა, ეს წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის სხვადასხვა მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. სულ უფრო მეტ ბავშვს უნდა ფეხბურთის თამაში. კვარაცხელია, მამარდაშვილი და სხვები ბავშვებისთვის კერპები არიან; მეორეც, ჩვენი გუნდი ძალიან ახალგაზრდაა, წინ კიდევ ბევრი გვაქვს. შემდეგი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა. საქართველოს სურს, დიდ ტურნირებში ხშირად მონაწილეობდეს. მჯერა, ჩვენს მზარდ გუნდს ამის მიღწევა შეუძლია.
„კრაკოვიაში“ ალბათ უკვე მოგილოცეს ევროზე წარმატება. რამე განსაკუთრებული თუ მოგიმზადეს?
ტურნირის მსვლელობისას მამხნევებდა სამწვრთნელო შტაბი, პრეზიდენტი და პერსონალი, მათთან ურთიერთობა მქონდა. გარდა ამისა, გულშემატკივრებისგან ბევრი კარგი სიტყვაც მოვისმინე. ჩემთვის ასეთი საქციელი ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი ჟესტები მახარებს.
როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა „კრაკოვიას“ მომავალ სეზონში ხალხის ისე გაოცება, როგორც ეს საქართველომ შეძლო?
ვიმედოვნებ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აქ დავრჩი, არის ის, რომ ძალიან მიყვარს ეს კლუბი და მინდა, მასთან ერთად რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო. მაქვს განცდა, რომ შესანიშნავი წელი გველოდება და ლიდერებს შორის ვიქნებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს.
დადის სატრანსფერო ჭორები, რომ თქვენით ინტერესდებიან ინგლისის ჩემპიონშიფისა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბები. რას ფიქრობთ ამაზე?
საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე. ასი პროცენტით პოლონეთის ჩემპიონატის ახალ სეზონზე ვარ ორიენტირებული. ხალხი ამას მეკითხება, მაგრამ მე „კრაკოვიაში“ დარჩენას ვაპირებ.
მოგწონთ კრაკოვი?
კრაკოვი შემიყვარდა. აქ ძალიან ბედნიერი ვარ მეც და ჩემი ოჯახიც. თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში.
ევროპის ჩემპიონატის შედეგის გათვალისწინებით, „კრაკოვიას“ ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ხართ…
ამის მოსმენა კარგია. იცით, როგორია ფეხბურთი, ყოველდღე უნდა აჩვენო, რომ კარგი ხარ. მესმის, ევროს შემდეგ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მექნება კლუბზე. ყოველთვის ტოპ ფორმაში უნდა ვიყო, მოლოდინი რომ გავამართლო.
როგორ ფიქრობთ, ევროდან კარგ ფორმას პოლონეთის ჩემპიონატშიც გადაიტანთ?
ყოველთვის ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. მთავარია, მთელი გუნდი კარგ ფორმაში იყოს და არა მხოლოდ ერთი მოთამაშე, რადგან ეს საკმარისი არ არის. ჩვენი მიზანია სეზონის დასაწყისიდანვე სათავეში ვიყოთ, კვირას კი სამი ქულა მოვიპოვოთ.