ოთარ გრიგოლია - მერიის ხარჯებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები პოპულისტურია 
ოთარ გრიგოლია - მერიის ხარჯებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები პოპულისტურია 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, მერიის მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციის ბრალდებები პოპულისტურია.

„მინდა საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო ერთ დეზინფორმაციასთან, უფრო სწორად არასწორად შეფუთულ საკითხთან დაკავშირებით, რაც თბილისის მერიის წარმომადგენლობით ხარჯებს ეხება. თბილისის მერია მასპინძლობს არაერთ საერთაშორისო დონის სტუმარს და კონფერენციას, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებს. ქალაქის მერიამ ბოლო პერიოდში უმასპინძლა „ღია მმართველობის“ კონგრესს, მიიღო იტალიის პრეზიდენტი და მისი დელეგაცია. ბუნებრივია ქალაქის მერიას აქვს წარმომადგენლობითი ხარჯები და ეს თანხები იხარჯება იმისთვის, რომ ამ ქალაქს ჰქონდეს მომავალი, შემოვიდეს დამატებითი ინვესტიციები და ქალაქის პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე იყოს გამჭვირვალე და ღია,“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მან ოპოზიციის წარმომადგენლებს წინა ხელისუფლების დროს გაწეული ხარჯები შეახსენა და კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა. კერძოდ, ოთარ გრიგოლიას განცხადებით, 2012 წლის იანვარში, 95 ათასი ლარი იყო გადაყრილი აბსოლუტურად გაუგებარი მიზნებისთვის, ასევე იმავე წლის თებერვალში ასევე იყო დახარჯული 122 ათასი ლარი.

„ვერ მივიღებთ თქვენგან ამ შენიშვნას, მით უმეტეს ამ პოპულისტურ ენას, რომელსაც იყენებთ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ. დიახ, ქალაქის მერიას აქვს გარკვეული ხარჯები, მაგრამ ეს არის მიზნობრივი და ქალაქის მომავალზე გათვლილი,“ – დასძინა ოთარ გრიგოლიამ.