ოთარ გიორგაძე - დიდი მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობს [ვიდეო]
ოთარ გიორგაძე - დიდი მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობს [ვიდეო]

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა გამართა და ურუგვაი ანგარიშით 33:7 დაამარცხა. „ბორჯღალოსნების“ გამარჯვება ისტორიული იყო, რადგან პირველად მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთ მატჩში ოთხზე მეტი ლელო დადო და პრემიალური ქულა აიღო. მატჩის საუკეთესო მორაგბე ოთარ გიორგაძე გახდა, რომელმაც საქართველოს პირველ არხთან მოპოვებულ გამარჯვებაზე და აღიარებაზე ისაუბრა.

„ძალიან გახარებული ვარ, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებით. ბოლო სამი მატჩი დავთმეთ და შევძელით მოგვეპოვებინა ის ენერგია, რაც გვაქვს და დღეს დავდეთ მოედანზე. ძალიან სასიამოვნოა გამარჯვება და გამიხარდა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. ვულოცავ მთლიანად საქართველოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვგულშემატკივრობდა. ნამდვილად ვგრძნობდით მათ გვერდით დგომას და ყველას დიდი მადლობა, ვინც (იაპონიაში) ჩამოვიდა და ვინც საქართველოდან გვგულშემატკივრობდა“, – განაცხადა გორგაძემ.

მსოფლიო თასზე დებიუტი ჰქონდა ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეს, 19 წლის ვანო კარკაძეს, რომელიც დაპირისპირებას დადებითად აფასებს –  „პირველი თამაში იყო ჩემი მსოფლიო თასზე. ცოტას ვღელავდი და ვნერვიულობდი, მაგრამ ბიჭებთან ერთად დავძლიე ეს ემოცია. ვულოცავ მთელ საქართველოს გამარჯვებას – მაგარი თამაში ვითამაშეთ და ახლა მთელ კონცენტრაციას ფიჯისთან მატჩზე გავაკეთებთ“.

შედეგით კმაყოფილია ლაშა ლომიძეც, თუმცა თვლის, რომ მომდევნო მატჩამდე გუნდმა შეცდომების გამოსწორებაზე უნდა იმუშავოს – „რაც იყო მიზანი, ბონუსით მოგება – ეს შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ იყო ბევრი შეცდომა. ეს მომდევნო მატჩისთვის უნდა გამოვასწოროთ. ესეთი შეცდომები უკან დაგვწევს. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, სისტემაში უნდა ვიყოთ და ვიფიქროთ ფიჯისთან თამაშზე“.

შედეგით კმაყოფილი იყო ბექა საღინაძეც – „პირველ რიგში ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდს ურუგვაის, ბიჭებმა კარგად იბრძოლეს. ურუგვაის და ფიჯის თამაშის შემდეგ კარგად გავაანალიზეთ მათი შეცდომები და ზუსტად იმ წერტილებში მივიტანეთ დარტყმა, სადაც სუსტები იყვნენ“.

 

დატოვე კომენტარი