ოთარ გაბელია - ბელარუსის ნაკრებთან ძალიან დიდი კონცენტრაცია დაგვჭირდება (ვიდეო)

ოთარ გაბელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტში საქართველოსა და ბელარუსის ერთა ლიგის ნახევარფინალის მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა, რომელიც „დინამო-არენაზე“ 26 მარტს გაიმართება.

ტაიმაუტის“ სტუმრის, თბილისის „დინამოს“ ოქროს თაობის მეკარემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ბელარუსთან ყურადღებით თამაში ურჩია:

„წინასწარ არაფრით არ შეიძლება დამშვიდება. ბელარუსის ნაკრებმა ახლა ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ორივე მოიგო. ჩემი აზრით, მეტოქეს კლასით და ფეხბურთელების ინდივიდუალიზმით ვჯობივართ. ამ გუნდის დიდი პლუსი ფიზიკური მომზადება და სტანდარტულების შესრულებაა. ისინი აუცილებლად მეორე ნომრით ითამაშებენ და თავის შანსს დაელოდებიან. ამიტომ ჩვენს მოთამაშეებს ძალიან დიდი კონცენტრაცია დასჭირდებათ. მთავარია, ჩვენი ფეხბურთელები ჯანმრთელად და ნორმალურ ფორმაში იყვნენ“ – ამბობს ოთარ გაბელია.

ლეგანდარული თბილისის „დინამოს“ მეკარის აზრით, ამ მატჩისადმი გადამეტებელი აჟიოტაჟი მიუღებელი იქნება:

„ამ შეხვედრასთან დაკავშირებით დაუშვებელია გადამეტებული აჟიოტაჟი და იმის მტკიცება, რომ უკვე გასულები ვართ და ა.შ. ეს ძალიან ცუდ როლს ითამაშებს. უპირველესად, ჩვენ ახლა მხოლოდ ბელარუსთან შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ასეთი შანსი, შესაძლოა, აღარ გაგვიჩნდეს.“