ოთარ ჭულუხაძე - ოპოზიციის ამომრჩევლის დაკვეთა რომ ყოფილიყო რევოლუციური, სულ მცირე, მათი 10 ან 7%-ი მაინც უნდა გამოსულიყო აქციებზე, ეს აჩვენებს, რომ მათი დაკვეთა იყო ოპოზიციური, კონსტრუქციული მუშაობა
ოთარ ჭულუხაძე - ოპოზიციის ამომრჩევლის დაკვეთა რომ ყოფილიყო რევოლუციური, სულ მცირე, მათი 10 ან 7%-ი მაინც უნდა გამოსულიყო აქციებზე, ეს აჩვენებს, რომ მათი დაკვეთა იყო ოპოზიციური, კონსტრუქციული მუშაობა

რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, ეს არის შიდა დაძაბულობა ოპოზიციას შორის, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ოთარ ჭულუხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამას ყველა ვხედავთ, მაგრამ რამდენიმე ხაზი აქვს ამ დაძაბულობას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის. პირველი, ეს არის სააკაშვილის ფიგურა, რომელიც ძალიან ჰგავს რიცხვ ნულს, რომელიც მასზე გამრავლების შემთხვევაში ყველაფერს ანულებს. ანუ, სააკაშვილის ფიგურა არის ისეთი, რომ მისი ეგოცენტრულობიდან, პოლიტიკური ცხოველის განსაკუთრებული უნარ-ჩვევებით, მან უნდა შთანთქას ყველა დანარჩენი. ამის პარალელურად, ის არის ციხეში და, შესაბამისად, ისიც, რაღაცნაირად, უკვე წარსულისკენ მიდის, მაგრამ საფრთხეს მაინც წარმოადგენს. იგივე სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი არშეწყალება, შეიძლება ვიფიქროთ, არის გამოწვეული იმით, რომ შემდეგ, როდესაც, პირობითად, ის შეიძლება, გამოსულიყო ციხიდან, რაღაცნაირად შეიძლებოდა, სალომე ზურაბიშვილი სცენიდან ჩაეჩოჩებინა; შემდეგი განხეთქილების ხაზი არის პარლამენტში შესვლა-არშესვლა. ჩემი აზრით, აქ გახარიას პარტიას ეჭვის დონეზე აქვს, რომ ეს ბოიკოტის გზა არის დამღუპველი, რადგან ერთგვარი ელექტორალური სუიციდია ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო აქტივობაში არჩართვა, რადგან ეს იწვევს რეიტინგის კლებას და რეიტინგი ნულისკენ იწყებს მოძრაობას“, – განაცხადა ჭულუხაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ მონაწილეობას არ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, ამასთან, სავარაუდოდ, მის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შევა საკითხი და ფართო საზოგადოებისთვის, რომელსაც საქართველოში უნდა მშვიდობა, ოპონირება, განვითარება, ეს არის ძალიან კარგი მოვლენა, რადგან რასაც ვხედავდით, ეს იყო არა პოლიტიკური პროცესი, არამედ გარედან მართული დესტრუქცია, რომლის წინააღმდეგაც შეიკრა საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი და თქვა, რომ ჩვენ ეს არ გვინდა.

„ოპოზიციაში არის დიდი დომხალი. პარლამენტში არშესვლით მათ, უხეშად რომ ვთქვათ, თავი ბოლომდე „გაიფარჩაკეს“. იმიტომ, რომ საინფორმაციო ომში მარცხდები, რადგან არ გაქვს პოზიტიური დღის წესრიგი. იმ 800 000 ამომრჩევლის ნაწილი, შეიძლება, არის ის ავთენტური ამომრჩეველი, რომელიც მაინც სააკაშვილს მისცემს ხმას, თუნდაც ის აღარ იყოს ამქვეყნად, ღმერთმა დაიფაროს და ასე სხვებიც, მაგრამ არის საპროტესტო ელექტორატი, რომლის მესიჯი ხელისუფლების მიმართ იყო – მე შენი რაღაცები არ მომწონს და არც ეს ოპოზიციური პოლიტიკური მენიუ არ მომწონს, რაც მაქვს, მაგრამ იძულებული ვარ, ოთხიდან რომელიღაც შევარჩიო, გამომდინარე ჩემი რაღაც სუბიექტური პრეფერენციებიდან, ვინ მომწონს და ვინ არა. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი ნაწილი ამ ოთხ პარტიას ეუბნებოდა, შედით პარლამენტში, იმუშავეთ, გააკრიტიკეთ „ოცნება“, რაღაცები არ მომწონს და ჩაერთეთ კონსტრუქციულ პროცესშიო. ეს საიდან ჩანს? სად არის აბა, ამ 800 000 კაციდან რატომ გამოდის 200 კაცი, 500 ან 1000 კაცი? ამ ელექტორატის დაკვეთა რომ ყოფილიყო აგრესიული და რევოლუციური, როგორც მინიმუმ, ამ ელექტორატის 10%, ან 7% მაინც უნდა გამოსულიყო და ამ პარტიების დესტრუქციულ ხაზს უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათი დაკვეთა იყო უფრო მეტად ოპოზიციური, კონსტრუქციული მუშაობა, რასაც ესენი არ აკეთებენ და გუშინდელმა აქციამ თუ რაღაც უაზრობამ აჩვენა ის, რომ, ფაქტობრივად, ფორმდება ამ პოლიტიკური ძალის რაღაცნაირი დეკადანსი და დაღმასვლა“, – განაცხადა ჭულუხაძემ.