„ოსკარის“ მფლობელი ჯეიმი ფოქსი ბიოგრაფიულ ფილმში მაიკ ტაისონს განასახიერებს
„ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი მსახიობი ჯეიმი ფოქსი, მძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის, მაიკ ტაისონის როლს შეასრულებს. 52 წლის მსახიობი და 53 წლის მოკრივე ადრეული წლებიდან იცნობენ ერთმანეთს.
„მაიკ ტაისონს ძალიან უცნაურად შევხვდი. ის მაშინ გავიცანი, როცა სცენაზე ვიდექი. მაშინ 22 წლის ვიყავი.
როცა ტაისონის შესახებ ხუმრობამდე მივედი, არავინ გაიცინა და არც ტაში დამიკრა. იცით რატომ? იმიტომ, რომ მაიკი დარბაზში იყო. ვიღაცამ დამიყვირა: „მაიკი აქ არის“. მე ვთქვი: „ო, ღმერთო!“. იქ ერთი ფერადკანიანი გოგონა იყო, რომელმაც მითხრა: „რას აპირებ, ჯეიმი? გეშინია?” და ვიღაც ბიჭმა დაიძახა: „მაიკმა თქვა, იხუმრე, ოღონდ შემდეგი ხუმრობა წინა ნაგავზე უფრო სასაცილო უნდა იყოს“.
ამის შემდეგ, მე და მაიკი ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი მისი კარიერის პიკი. შემდეგ ისიც ვნახე, ყველაფერი როგორ ცუდად და არასტაბილურად ჰქონდა. მიხარია, რომ ფილმში ამ სხვადასხვა მომენტის ჩვენება მომიწევს“, – განაცხადა ფოქსმა.
ჯეიმი ფოქსმა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ 2005 წელს მიიღო – ასევე ავტობიოგრაფიულ ფილმში მან მომღერალი რეი ჩარლზი განასახიერა.