ოსკარ ტაბარესი ურუგვაის ნაკრებიდან დაითხოვეს - ის გუნდს 15 წელი ხელმძღვანელობდა #1TVSPORT
ოსკარ ტაბარესმა ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ვეტერანი სპეციალისტი გუნდს 15 წელი ხელმძღვანელობდა – 2006 წლის თებერვლიდან მოყოლებული. მანამდე ის ნაკრებს 1988-90 წლებში ედგა სათავეში.
„ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ეს გადაწყვეტილება არ აკნინებს ტაბარესის უმნიშვნელოვანეს წვლილს ურუგვაული ფეხბურთის განვითარებაში. ჩვენ მივესალმებით და ვაღიარებთ სერიოზულ მიღწევებს ბოლო 15 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში ურუგვაი ლიდერის პოზიციებზე გავიდა მსოფლიო ფეხბურთში“, – წერია ურუგვაის საფეხბურთო ასოციაციის განცხადებაში.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში ურუგვაიმ 0:3 წააგო ბოლივიასთან. ეს იყო გუნდის ზედიზედ მეოთხე მარცხი და ის მეშვიდე ადგილზეა გათამაშების ცხრილში.
საერთო ჯამში, ტაბარესმა 234 მატჩში უხელმძღვანელა ურუგვაის ნაკრებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე მივიდა, 2011 წელს კი კოპა ამერიკა მოიგო.