ლევან მაისაშვილი - ურუგვაისთან თამაშს ოპტიმალური შემადგენლობით ვიწყებთ #1TVSPORT
ლევან მაისაშვილი - ურუგვაისთან თამაშს ოპტიმალური შემადგენლობით ვიწყებთ #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ, 6 ნოემბერს „დინამო არენაზე“ ურუვაის უმასპინძლებს. ბორჯღალოსნებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს, ხოლო წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა უპასუხა.

„გვყავს ტრავმირებულები, რაც თანმდევი პროცესია და ამის გამო შემადგენლობაში გარკვეული როტაცია მოგვიწია. რამდენიმე მოთამაშის საქმეში ხილვა თავადაც გვსურდა. პირველ თამაშზე ხშირად გვაქვს ხოლმე შეთამაშების პრობლემა. ვეცდებით, ეს სტერეოტიპი დავანგრიოთ და მაყურებელს ის თამაში ვაჩვენოთ, რისთვისაც ვემზადებით.

ბექა გიგაშვილი დღე-დღეზე ბავშვს ელოდება და ეს მომენტი აუცილებლად უნდა გაგვეთვალისწინებინა. ტრავმა აქვს ჯაფარიძეს. გიორგი მელიქიძე წინა პერიოდში ორჯერ გამოვიძახეთ და ჩემდა სამწუხაროდ, ჩამოსვლაზე ორივეჯერ უარი გვითხრა. პირველ შემთხვევაში მიზეზად ოჯახური პრობლემები დასახელდა და ეს ჩემთვის გასაგები იყო, მეორე ჯერზე კი მიზეზი ვერ გავიგე, საქართველოს ნაკრები კი ის ადგილი არ არის, სადაც შეიძლება ვინმეს თამაში ვაიძულოთ.

არსებული რესურსიდან გამომდინარე, ურუგვაისთან თამაშს ოპტიმალური შემადგენლობით ვიწყებთ. ჩვენთვის სამივე თამაში მნიშვნელოვანია. ნოემბრის კალენდარი და მეტოქეები ძალიან ჰგავს 2023 წლის მსოფლიო თასის მოცემულობას. ეტაპზე არც მწვრთნელები და არც მოთამაშეები, არ ვფიქრობთ სამოასა და უელსთან მატჩზე და სრულად ვართ კონცენტრირებული ურუგვაიზე“, – ამბობს ლევან მაისაშვილი.

საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, 6 ნოემბერს „დინამო არენაზე“ 18 საათზე გაიმართება.

ფოტო – საქართველოს რაგბის კავშირი