ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები იწყება [ფოტო]
ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები იწყება [ფოტო]

ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები იწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება! 2018 წლის 20 მაისს, საქართველო-თურქეთს შორის ხელმოწერილი ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში და ქართული მხარის მოთხოვნის შესაბამისად, თურქულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, გადაუდებელი პროექტის სახით დაიწყოს ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები ქართული მხარის მიერ გადაცემული ძალოვანი ხარაჩოს პროექტის საფუძველზე“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დაიწყო ტერიტორიის შემოზღუდვა და მოსამზადებელი სამუშაოები ხარაჩოს დასამონტაჟებლად.

„შემდგომ ეტაპზე განსაზღვრულია ოშკის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რომელიც ზემოხსენებული ხუთწლიანი პროგრამის შესაბამისად ერთობლივად უნდა განხორციელდეს ქართველი და თურქი სპეციალისტების მიერ. სიმბოლურია, რომ ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების დაწყება ემთხვევა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს. ქართველ და თურქ ექსპერტებს განსაკუთრებული წარმატება ვუსურვოთ ამ ისტორიული პროექტის ეფექტურად და სანიმუშოდ განხორციელებაში!“, – ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

საქართველოს საელჩო ტურისტულ ჯგუფებს მიმართავს და სთხოვს, გაგებით მოეკიდონ სამუშაოებთან დაკავშირებულ პროცედურებს და ტაძარში შესვლაზე შესაძლო შეზღუდვებს.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოშკის მრავალრიცხოვან გულშემატკივარს და ტურისტულ ჯგუფებს ვთხოვთ გაგებით მოეკიდონ იქ მიმდინარე სამუშაოებთან არსებულ პროცედურებს და შესაძლო შეზღუდვებს ტაძარში შეღწევასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.