ორმაგ დუბლთან ახლოს - მამუკელაშვილის 12 ქულა და ბეჟანიშვილის შვიდიანები G ლიგაში [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-ის G ლიგაში ქართველი კალათბურთელების გუნდებმა მორიგი შეხვედრები გამართეს. სანდრო მამუკელაშვილის „ვისკონსინ ჰერდი“ ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდა „აიოვა ვულვსს“ და ამჯერადაც დამარცხდა ანგარიშით 102-119. გიორგი ბეჟანიშვილის „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსი“ „ვესტჩესტერ ნიქსს“ ესტუმრა და 97-105 წააგო.
სანდრო სასტარტოში არ ყოფილა, მაგრამ 25 წუთი ითამაშა და ზედიზედ მესამე შეხვედრაში ორმაგი დუბლის გაფორმებასთან ახლოს იყო. მან 12 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ახალგაზრდა მძიმე ფორვარდმა 7-დან 3 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი გამოიყენა. ის ერთხელ დაჯარიმდა და 3-ჯერ დაკარგა ბურთი.
რაც შეეხება შეხვედრას, „მილუოკი ბაქსის“ განვითარების ლიგის გუნდი პირველ ორ მეოთხედში კარგად გამოიყურებოდა და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ „აიოვამ“ მაინც მოახერხა მატჩის შემოტრიალება და გამარჯვება – გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი აღმოჩნდა, რომელშიც „ჰერდმა“ 18 ქულით წააგო.
ბეჟანიშვილმა „სკაიჰოუკსის“ შემადგენლობაში 20 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 7 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარებაა, მაგრამ ყველაზე მეტად აღსანიშნავია მისი +/- მაჩვენებელი – გიორგის პარკეტზე ყოფნის პერიოდში მისი გუნდი 15 ქულით წინ გავიდა. მან 5-დან 3 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ზუსტად შეასრულა.
„ატლანტა ჰოუკსის“ G ლიგის გუნდს მეტოქის წინააღმდეგ 18-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა და აქაც თამაშის ბედი მეორე ნახევარმა გადაწყვიტა. მესამე მეოთხედში 4 ქულით წაგების შემდეგ, „სკაიჰოუკსი“ ბოლო პერიოდში 22 ქულით დამარცხდა.
„ვისკონსინ ჰერდი“ ცენტრალურ დივიზიონში 4 მოგებითა და 5 მარცხით მე-6 ადგილზე იმყოფება, „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსი“ კი 3 მოგებითა და 3 მარცხით აღმოსავლეთ დივიზიონში მე-4 ადგილზეა.