„ორლანდომ“ „ლეიკერსი“ დაამარცხა - გოგა ბითაძემ გუნდს 15 მოხსნა შესძინა #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის, გოგა ბითაძის გუნდმა, „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ს რეგულარულ სეზონში მორიგი მატჩი სტუმრად ლოს ანჯელეს „ლეიკერსთან“ გამართა და უკანასკნელ წამებზე ჩაგდებული სამქულიანით 119:118 გაიმარჯვა.
ქართველი კალათბურთელი „ორლანდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 7 ქულა, 15 მოხსნა (ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი), 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. ბითაძემ 4-დან 3 ორქულიანი და 1 დან 1 საჯარიმო გამოიყენა.
„ორლანდოს“ შემადგენლობაში საუკეთესო 37 ქულით ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც გადამწყვეტი სამქულიანიც ჩააგდო. „ლეიკერსის“ რიგებში 39 ქულა ჰქონდა ენტონი დევისს, ხოლო ლებრონ ჯეიმსმა მატჩი 31 ქულით, 10 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
გოგა ბითაძის გუნდს ამჟამად 10 მოგება და 7 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხეა.