ორლანდომ ფავორიტს მოუგო - სან ანტონიოს დაღმასვლა გრძელდება [ვიდეო]
ორლანდომ ფავორიტს მოუგო - სან ანტონიოს დაღმასვლა გრძელდება [ვიდეო]

სამი მატჩით გაგრძელდა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონი. ბოლო პერიოდში, კარგ ფორმაში შევიდა ორლანდო „მეჯიქი“. ფლორიდელებმა ამჯერად აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი და ფავორიტი, ტორონტორეპტორზი“ სტუმრად დაამარცხეს. „ეირ კანადა ცენტრში“ ჩატარებულ შეხვედრაში, თავიდანვე სტუმრები დომინირებდნენ და პირველი მეოთხედი ათი ქულის სხვაობით მოიგეს. მეორე პერიოდში, მასპინძლებმა შეცდომებს უკლეს და დიდ შესვენებაზე, სამქულიანი პლიუსით გავიდნენ. მესამე და მეოთხე მეოთხედები კი, მთლიანად „მეჯიქის“ იყო. საბოლოოდ, 113:98 ორლანდოელთა სასარგებლოდ. სტივ კლიფორდის გუნდში, ტერენს როსი და ნიკოლა ვუჩევიჩი გამოირჩნენ. მონტენეგროელმა კალათბურთელმა, 23 ქულით და 12 მოხსნით, ორმაგი დუბლი შეასრულა. როსის ანგარიშზე კი, 28 ქულა და 9 მოხსნა დაფიქსირდა. ორლანდო „მეჯიქი“ აღმოსავლეთში, მეცხრე ადგილზეა და პლეი-ოფის ზონასთან ახლოს იმყოფება. „რეპტორზი“ კვლავ მეორეა.

სან ანტონიო „სფერსის“ წარუმატებლობა გრძელდება. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა, ამჯერად „მედისონ სქუერ გარდენში“ ლიგის უიმედი აუტსაიდერთან, ნიუ იორკ „ნიქსთან“ ანგარიშით 118:130 წააგო. სან ანტონიოს წარუმატებლობის მთავარ მიზეზს, დაცვაში უსუსტესი თამაში განაპირობებს. ტექსასური კლუბი, ბოლო ხუთ შეხვედრაში, მეოთხედ დამარცხდა და საშუალოდ 123 ქულას უშვებს. ამ შედეგების გათვალისწინებით, „სფერსი“ დასავლეთ კონფერენციაში, მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა. NBA-ს ხუთ გზის ჩემპიონი, მომდევნო ტურში, ბრუკლინ „ნეტსს“ სტუმრად დაუპირისპირდება. ნიუ იორკ „ნიქსი“ კი აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ ბოლო პოზიციაზეა და შემდეგ შეხვედრას, ორლანდო „მეჯიქის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

დღესვე, დენვერ „ნაგეტსმა“ საკუთარ მოედანზე, ლოს ანჯელეს „კლიპერსს“ უპრობლემოდ, ანგარიშით 123:96 მოუგო.