„ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო - გოგა ბითაძე გუნდს ორმაგი დუბლით დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გოგა ბითაძის გუნდმა, „ორლანდო მეჯიქმა“ „ვაშინგტონ უიზარდს“ უმასპინძლა და 121:94 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ძირითად ხუთეულში იყო, მან მოედანზე 21:39 წუთი გაატარა, რა დროშიც ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა – 10 ქულა, 12 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება. ბითაძემ თამაშიდან ფარს 6-ჯერ შეუტია, საიდანაც 5 ტყორცნა ზუსტი იყო.

„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო ფრანც ვაგნერი გახლდათ 23 ქულით, 16-16 ქულა გუნდს მორიც ვაგნერმა და კოულ ენტონიმ შესძინეს.

ფლორიდელებისთვის ეს ზედიზედ მეორე გამარჯვება იყო. 11 შეხვედრის შემდეგ „ორლანდო მეჯიქს“ 5 მოგება და 6 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.