14-დღიანი შესვენების შემდეგ თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ თორნიკემ 26 ნოემბერს საქართველოს ნაკრებში უკრაინის წინააღმდეგ ითამაშა და გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. პირველ ტაიმში მან მუხლი დაიზიანა, რის გამოც მომდევნო შეხვედრა (ესპანეთთან) გამოტოვა.
კლუბში დაბრუნების შემდეგ თორნიკე მკურნალოიბდა, თუმცა, როგორც ნაკრების ექიმმა თემურ ხვედელიძემ გვითხრა, ტრავმა სერიოზული არ იყო და უახლოეს მატჩებში შენგელია მოედანს დაუბრუნდებოდა. ქართველმა ფორვარდმა 26 ნოემბრის შემდეგ პირველი მატჩი 10 დეკემბერს ევროლიგაზე გამართა. მისი ცსკა ლიეტუვის „ჟალგირისს“ ესტუმრა და 73:51 გაიმარჯვა.
თორნიკე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 14 წუთში 3 ქულა, 2 მოხსნა, 1 დაფარება და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი ნიკოლა მილუტინოვი გახდა.