ორი წლის ანიტას ოჯახი დახმარებას ითხოვს

ორი წლის ანიტას ოჯახი დახმარებას ითხოვს. გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გულის გადანერგვის სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, დამძიმდა, თუმცა ოჯახს საზღვარგარეთ გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემები შეექმნა.

კერძოდ, ოჯახი ცოტა ხნის წინ ავსტრიაში წავიდა და ლტოლვილის სტატუსი მიიღო, რათა ბავშვს ადგილზე სამედიცინო მომსახურება მიეღო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ გულის გადანერგვის ოპერაციისთვის მოქალაქის სტატუსია აუცილებელი. მას შემდეგ, რაც ოჯახმა ავსტრიისგან უარი მიიღო, მათ იტალიის ერთ-ერთი კლინიკა მოიძიეს, რომელიც მზად არის, გოგონას ურთულესი ოპერაცია გაუკეთოს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მას ლტოლვილის სტატუსი მოეხსნება. სწორედ საქართველოში დეპორტირების გარეშე ლტოლვილის სტატუსის მოხსნაში სთხოვს დახმარებას ოჯახი საქართველოს მთავრობას. გოგონას ბებია ამბობს, რომ ანიტა ხანგრძლივ ფრენას ვერ გადაიტანს.

„საქართველოში როგორც კი გვითხრეს, რომ ბავშვი სასწრაფოდ უნდა წაიყვანოთ საზღვარგარეთ და მიხედოთ, იმ ეტაპზე ეს თანხა არ გვქონდა ფიზიკურად, ამიტომ მოვიფიქრეთ სწრაფი გზა  – ლტოლვილად ჩაბარება. მშობლები ბავშვთან ერთად ლტოლვილად ჩაბარდნენ ავსტრიაში. თურმე იქ ახალი რეგულაციებია, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მსგავსი სირთულის სამედიცინო პროცედურები არ უტარდება. ბავშვს უტარებენ ელემენტარულ მკურნალობას, რომელიც არ არის საკმარისი მისი გადარჩენისთვის. ბავშვი არის უმძიმეს მდგომარეობაში, მაგრამ ავსტრია გვეუბნება, რომ ჩვენ ვერ ჩაგიტარებთ ოპერაციასო. მოვიძიეთ იტალიაში კლინიკა, სადაც ეს ყველაფერი ჩაუტარდება. კლინიკა თანახმაა ბავშვის მიღებაზე იმ შემთხვევაში, თუ ლტოლვილის სტატუსი მოეხსნება ოჯახს. ახლა სასწრაფოდ გვჭირდება, რომ ავსტრიამ მოხსნას ლტოლვილის სტატუსი ისე, რომ საქართველოში დეპორტაცია არ გააკეთოს. თუ გაკეთდა დეპორტაცია, ფრენას ვერ გადაიტანს ეს ბავშვი. იქნებ დაგვეხმარონ, რომ როგორმე გადავიდეს ეს ბავშვი იტალიის კლინიკაში. თანხა მობილიზებულია. არაბუნებრივი დახმარება გაგვიწია საქართველოს მოსახლეობამ და დიდი სოლიდური თანხმა შეგროვდა. თუ ვინმეს შეუძლია, საქართველოში დახმარება, ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ“, – აცხადებს ანიტას ბებია თამარ გლურჯიძე.

მისივე თქმით, დახმარების თხოვნის შესახებ ფეისბუქპოსტის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და დახმარებას დაპირდნენ.