ორი წითელი, ინციდენტი და დაძაბულობა ეროვნულ ლიგაში - „ლოკომოტივი“ მესამე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
ორი წითელი, ინციდენტი და დაძაბულობა ეროვნულ ლიგაში - „ლოკომოტივი“ მესამე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-17 ტურში დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა – იყო მოულოდნელობები, ორი წითელი ბარათი, ჩხუბები და ლამაზი გოლები.

მოულოდნელი შედეგით გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართული მატჩი დასრულდა. „დილამ“ აუტსაიდერი „თელავი“ მიიღო და გოლი სწრაფად გაუშვა – მე-14 წუთზე, სტუმართა კონტრშეტევა შოთა შეყილაძემ გოლით დაასრულა. გორელებმა მეტოქეს შეუტიეს და 41-ე წუთზე წონასწორობა თორნიკე კაპანაძემ აღადგინა. 94-ე წუთზე აუტის მოწოდების დროს, ირაკლი ბუღრიძეს „თელავის“ მოთამაშესთან ინციდენტი შეემთხვა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს, მატჩი კი 1:1 დასრულდა.

საგურამოს „ლოკო-არენაზე“ „ლოკომოტივმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მეორე ტაიმის დასაწყისში, 47-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძის გოლით დაწინაურდა. საგოლე გადაცემა კი თორნიკე კირკიტაძემ შეასრულა, რომელმაც 69-ე წუთზე გოლი თავად გაიტანა და მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა. 76-ე წუთზე, ლაშა ჩალაძის გოლით ქუთაისელებმა სხვაობა შეამცირეს. მაგრამ 85-ე წუთზე ბექა დარცმელიამ მეკარესთან პირისპირ მამია გავაშელიშვილი დატოვა, რომელმაც შანსი გოლად აქცია.

საფინალო სასტვენამდე, 89-ე წუთზე, არბიტრმა ქუთაისელთა მცველს, სამეულ ინკუმს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა, შეხვედრა კი „ლოკომოტივის“ გამარჯვებით დასრულდა – 3:1. ამ გამარჯვებით, „ლოკომოტივმა“ 30 ქულა დააგროვა, „საბურთალოს“ (28) გადაასწრო და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაწინაურდა.