გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის რეალური მიზეზი და რამდენად სერიოზულად დაშავდა საქართველოს ნაკრების და ბელგიური „გენტის“ მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის „რაპიდთან“ მოგებულ (2:1) შეხვედრაში, ჯერ უცნობია.
საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე ავსტრიელებთან მატჩში „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, თავად კი, სამწუხაროდ, თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ბელგიური „გენტი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავიდა, სადაც კიევის „დინამოს“ შეხვდება.
გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა ბელგიური გამოცემებისთვის აქტუალური თემა გახდა, რადგან „გენტი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩს უახლოეს პერიოდში ჩაატარებს – ბელგიელები უკრაინის ვიცე-ჩემპიონს 22 სექტემბერს შინ მიიღებენ, ხოლო 29 სექტემბერს კიევში ესტუმრებიან. ქართველი მოთამაშე „გენტისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურაა და მოედანზე მისი ყოფნა გუნდისთვის ბევრს ნიშნავს.
გაირკვა, რომ სერიოზული არაფერია და 21 წლის ქართველი სერიოზულად არ დაშავებულა. თუმცა ჯერ ეს მხოლოდ ვარაუდია. არსებობს, არასასურველი ვერსიაც.
„ნიუსბლადი“ კითხვას სვამს – გენტის შემტევისთვის სეზონი დასრულებულია?
სეზონის დაწყების შემდეგ, „გენტმა“ ორი თვე ჩააგდო და ამ ხნის განმავლობაში ორი მწვრთნელი შეიცვალა. „ბუფალოს“ იღბალმა სამშაბათს ღამით მაინც გაუღიმა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მესამე შესარჩევი ეტაპის მატჩში ვენის „რაპიდი“ დაამარცხა, მაგრამ ვიმ დე დეკერის დებიუტი გუნდისთვის იდეალური არ იყო. „გენტში“ აწუხებთ გიორგი ჩაკვეტაძის ამბავი, რომელიც მატჩის დაწყებიდან ერთ საათში დაშავდა. „გენტის“ შტაბი შიშობს, რომ შესაძლოა, აქილევსის ქუსლი იყოს დაზიანებული, რამაც შეიძლება ქართველს სეზონი დაასრულებინოს. ეს დიდი დარტყმა იქნება გუნდისთვის და თავად ფეხბურთელისთვისაც, რომელსაც გასულ წელს მუხლის სერიოზული ტრავმის გამო რამდენიმე თვე გაუცდა.
ქართველი საბოლოო დიაგნოზის დასადგენად დამატებით გამოკვლევებს დღეს გაივლის.