ორი საგოლე გადაცემა დავითაშვილისგან - ფრე „სენტ-ეტიენისა“ და „ანჟეს“ მატჩში #1TVSPORT
ორი საგოლე გადაცემა დავითაშვილისგან - ფრე „სენტ-ეტიენისა“ და „ანჟეს“ მატჩში #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და „სენტ-ეტიენს“ შინ „ანჟესთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 3:3.

„სენტ-ეტიენის“ მწვრთნელმა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, ქართველი შემტევი 23-ე ტურის დაპირისპირებაში მოულოდნელად სათადარიგოებში დასვა და მხოლოდ მეორე ტაიმში შეიყვანა. ამ დროისთვის სტუმრების სასარგებლოდ ანგარიში 2:1 იყო.

„ანჯე“ ალჟირელი მახევარმცველის, ჰიმად აბდელის დუბლით დაწინაურდა. ტაიმის ბოლოს ირვინ კარდონამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და მასპინძლებს თამაშში დარჩენის შანსი შეუნარჩუნა.

ქართველი შემტევი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და „სენტ-ეტიენის“ თამაშში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მისი გადაცემით წონასწორობა პიერ ეკვამ (52) აღადგინა, ხოლო 74-ე წუთზე ზურიკომ შესანიშნავი ფლანგური გარღვევის შემდეგ საჯარიმოში კარდონა მონახა, რომელმაც „სენტ-ეტიენი“ წინ გაიყვანა. მაგრამ მასპინძლებმა მესამე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე გაუშვეს და შეხვედრა 3:3 დასრულდა.

საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული 23 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 19 ქულით მე-16 ადგილზე დარჩა, ხოლო დავითაშვილის ანგარიშზე 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.