ორი სადებიუტო გოლი - ბათუმის „დინამომ“ „სამგურალი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
ორი სადებიუტო გოლი - ბათუმის „დინამომ“ „სამგურალი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის მატჩი გასვლაზე წყალტუბოს „სამგურალთან“ გამართა და დამაჯერებლად დაამარცხა.

ზესტაფონის „დავით აბაშიძე არენაზე“ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონმა ანგარიში სწრაფად გახსნა. მეორე წუთზე ბათუმელთა ნახევარმცველმა, მილან რადინმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ჯოვინო ფლამარიონმა მცველს დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით სტუმრები დააწინაურა.

წყალტუბოელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მალე მიეცათ – მე-8 წუთზე სერგო კუხიანიძემ მამუკა კობახიძის გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ მიხეილ ალავიძემ წააქცია. „დინამოს“ კარში პენალტი დაინიშნა, მეკარეს ყვითელი ბარათი აჩვენეს, საჯარიმო კი სერგო კუხიანიძემ შეასრულა – მეკარე მიხეილ ალავიძემ ბურთი მოიგერია და შეცდომა გამოასწორა.

მეორე ტაიმში ბათუმელთა მცველს, ეროვნული ნაკრების წევრ გოგა ჩაბრაძეს ორთაბრძოლისას ყელში მეტოქის ხელი მოხვდა და მოედნიდან მოედნიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გაიყვანეს. ამის გამო თამაში 10 წუთით შეწყდა, სანამ სტადიონზე სასწრაფოს მეორე მანქანა არ გამოჩნდა. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ჩაბრაძე მომჯობინდა და მის თავს საშიში არაფერია.

ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში პატარა შოუ დადგა – ნაკრების შემტევმა მოედნის მცირე მონაკვეთზე 4 მეტოქეს თავბრუ დაახვია და წააქციეს. ხვიჩამ შემდეგ გატანა საჯარიმოდან სცადა და არ გამოუვიდა, მატჩის მიწურულს კი შეცვალეს.

შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა „სამგურალის“ კარი კიდევ ორჯერ აიღეს. კარგად ჩაერთო თამაშში გუგა ფალავანდიშვილი, რომელმაც 90+1-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გუჯა ლობჯანიძე დატოვა – მან შანსი გოლად აქცია და ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლი ჩაიწერა. 90+7-ე წუთზე, თავად ფალავანდიშვილმაც ბათუმელთა ფორმით პირველად გაიტანა და საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ 0:3 მოიგო.

ეროვნულ ლიგაში გამართული მეშვიდე ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 16 ქულა დააგროვა და სხვაობა გაზარდა კონკურენტ „დინამო თბილისთან“ (12 ქულა), რომელიც დღეს „თელავს“ ესტუმრება. ბათუმელებმა ლიდერობა შეინარჩუნეს, ხოლო „სამგურალი“ 8 ქულით მეხუთე ადგილზეა.