არაბიძემ გაიბრწყინა - „სამტრედიამ“ „ლოკომოტივთან“ სამი ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში 23-ე ტურის მატჩი გაიმართა და ამით ლიგის გათამაშება დროებით შეჩერდა. შეხვედრას „ეროსი მანჯგალაძე – არენამ“ უმასპინძლა, სადაც „სამტრედიამ“ თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით სძლია.
თამაში ძალიან საინტერესო გამოდგა და მეტოქეებმა ბევრი რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს. 29-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც გიორგი არაბიძემ შეასრულა, თუმცა, ბურთი ძელს მოარტყა და შანსით ვერ ისარგებლა.
მიუხედავად ამისა, „სამტრედიამ“ სწორედ არაბიძის კარგი თამაშით მოიპოვა გამარჯვება. 90-ე წუთზე მისი დარტყმული ბურთი სტუმართა მცველს, ნიკა სანდოხაძეს ხელზე მოხვდა და ის მოედნიდან გააძევეს, „ლოკომოტივის“ კარში კი მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც პანენკას სტილში ოთარ კობახიძემ შეასრულა და „სამტრედიას“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა 1:0.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენციის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რაც სპორტსაც შეეხო. ახალი შეზღუდვების შესაბამისად, 14 აგვისტოდან სფფ-ის ეგიდით გასამართი ყველა ჩემპიონატი დროებით შეჩერდება. დადგენილების თანახმად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა ლიგა 4 სექტემბრიდან განახლდება. ტურნირების განახლებული კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.