ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში ცვლილებაა - მოთამაშეებს ვაქცინაციის ცნობა ან პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი მოეთხოვებათ #1TVSPORT
ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში ცვლილებაა - მოთამაშეებს ვაქცინაციის ცნობა ან პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი მოეთხოვებათ #1TVSPORT

ცნობილია, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენციის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვების შესაბამისად, 14 აგვისტოდან სფფ-ის ეგიდით გასამართი ყველა ჩემპიონატი დროებით შეჩერდება. დადგენილების თანახმად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა ლიგა 4 სექტემბრიდან განახლდება. ტურნირების განახლებული კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში ცვლილება განხორციელდა. 2021 წლის 4 სექტემბრიდან, სფფ-ის ეგიდით გასამართ ყველა ლიგაში (ასაკობრივი ლიგების გარდა) ფეხბურთელები და ოფიციალური პირები დაიშვებიან მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული რომელიმე ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით.

არის ალტერნატივა – ოფიციალურ მატჩამდე მინიმუმ 8 საათით ადრე სფფ-ის შესაბამის განყოფილებას გუნდმა უნდა წარუდგინოს შეხვედრის დაწყებამდე 48 საათით ადრე ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი.

მიმდინარე წლის 24 სექტემბრიდან, აუცილებელი იქნება ვაქცინის ორი დოზის გაკეთების დამადასტურებელი ცნობის ან პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა ზემო აღნიშნული წესებით.

დებულებაში შესული ცვლილების შესახებ კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა.

„როგორც იცით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სფფ-ის ეგიდით გასამართი ყველა ეროვნული ჩემპიონატი ხვალიდან 4 სექტემბრამდე შეჩერდება. ამ პერიოდში დაგეგმილია საერთაშორისო მატჩები, 2 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები კოსოვოს დაუპირისპირდება, ხოლო ფუტსალის ეროვნული ნაკრები 3 და 4 სექტემბერს ორ ამხანაგურ შეხვედრას ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნულ შეხვედრებს შეზღუდვები არ შეეხება“, – განაცხადა დავით მუჯირმა.

სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, სხვა სიახლეზეც ილაპარაკა.

„სფფ-ის ეგიდით გასამართი ჩემპიონატების, საშეჯიბრო დებულებაში შემუშავდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ჩემპიონატი 4 სექტემბრიდან განახლდება. ყველა ლიგაში სავალდებულო გახდა შეჯიბრებამდე 48 საათით ადრე გაკეთებული უარყოფითი პისიარ ტესტის ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა, 24 სექტემბრიდან კი ორჯერადი ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აღნიშნული ცვლილება დამტკიცებულია სფფ-ის აღმასკომის მიერ და უკვე ეცნობათ ლიგებში მონაწილე კლუბებს“.