ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო კიევის საერთაშორისო ტურნირიდან
„შესანიშნავ უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა მეცამეტე მემორიალზე“ საქართველოს სახელით მოასპარეზე ორივე სტილის მოჭიდავეებმა, ჯამში 12 მედალი აიღეს. დღეს ფინალში სამი ქართველი ფალავანი ჭიდაობდა.
კლასიკოსთაგან ოქროს მედლისთვის 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლევან ქავჟარაძემ იჭიდავა, რომელმაც საფრანგეთის სახელით მოასპარეზე – მამადასა სილას მოუგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ავიდა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ვერცხლის მედალს დასჯერდა 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ლომთაძე, რომელმაც გუშინ გამართულ ნახევარფინალში ფეხი იტკინა, ამის მიუხედავად ხალიჩიდან არ გავიდა და ამერიკელ ჯო კოლინსს 13-0 მოუგო, ფინალში კი წინა დღის ტრავმამ თავი შეახსენა და შედეგად ქართველმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა, ოქროს მედალი აზერბაიჯანელ -ახმედნაბი გვარზატიოლოვს დაუთმო.
პირდაპირი მნიშვნელობით, დაძაბული გამოდგა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი – გენო პეტრიაშვილისა და უკრაინელი – ალეკსანდრ ხოჩიანივსკის ფინალური დაპირისპირება.
პირველი პერიოდის ბოლოს გენომ მეტოქის ფეხში შესვლა მოახერხა, მაგრამ საბოლოოდ ხალიჩიდან თავად გავიდა და შედეგად მასპინძელთა ფალავანი დაწინაურდა. მორეში ტიტულოვანმა გორელმა მოჭიდავემ კიდევ ორი ქულა გაუშვა და 4-0 ჩამორჩა. შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე კი დაძაბულობა მცირე შეხლა-შემოხლაშიც გადაიზარდა, თუმცა ორივე გუნდის სამწვრთნელო შტაბის ჩარევის შედეგად სიტუაცია დასტაბილურდა და შეხვედრაც გაგრძელდა, პეტრიაშვილს კი ერთი საჯარიმო ქულაც დაუმატეს.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და შესაბამისად, ოქროს მედალიც უკრაინელს ერგო.
შეგახსენებთ,რომ დღესვე ბრინჯაოს მედალი ოთხმა ქართველმა დაისაკუთრა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან კვარცხლბეკზე ჯუმბერ ყველაშვილი (79), ირაკლი მწითური (92) და გიორგი მეშველდიშვილი, კლასიკოსთაგან კი მძიმეწონოსანი – ირაკლი ქაჯაია ავიდნენ.
რაც შეეხება გუშინ გამართულ შეხვედრებს, აქ ქართველმა ფალავნებმა ხუთი მედალი აიღეს. ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე – შმაგი მოლქვაძემ (72) ოქრო მოიპოვა. ამავე სტილით ჭიდაობაში, ევროპის მოქმედი ჩემპიონი – ზურაბ დათუნაშვილი (82) ვერცხლის მედალს დასჯერდა. გიორგი იანტბელიძის გუნდიდან კი ვერცხლი 18 წლის – თეიმურაზ ვანიაშვილს (57), ხოლო ბრინჯაო – ოლიმპიურ ჩემპიონ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (65) ერგოთ.