ორი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატამდე - საქართველო-ნიდერლანდები საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT
11:47, 23.02.2023
დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ქალაქ ალმერეში მასპინძელ ნიდერლანდებს დაუპირისპირდება – პირდაპირი ტელერეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე, ხოლო რადიორეპორტაჟი საქართველოს რადიოზე (102.3).
ეს გახლავთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დარჩენილი ორიდან ერთი მატჩი, რომლის მოგება „ჯვაროსნებისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საგზური რომ მოიპოვოს, ნიდერლანდებშიც უნდა გაიმარჯვოს და თბილისშიც ისლანდიასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში მეტოქეების მატჩების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
სატურნირო მდგომარეობა:
საქართველო
საქართველოს ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშობს. გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია ნაკრებს 21 თებერვალს, საღამოს ვარჯიშზე, ალმერეს არენა „ტოპსპორტსენტრუმში“ შეუერთდა. ეროვნული ნაკრების ექიმთან, თემურ ხვედელიძესთან ერთად კაპიტანი ამსტერდამის აეროპორტიდან პირდაპირ დარბაზში მივიდა, სადაც ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით საღამოს ვარჯიში მიმდინარეობდა.
უფრო ადრე ჩავიდნენ ამსტერდამში ესპანეთში მოთამაშე ლეგიონერები: ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი და რატი ანდრონიკაშვილი.
საქართველოს ნაკრები:
რატი ანდრონიკაშვილი (მურსია, ესპანეთი)
გივი ბაქრაძე (ოლიმპი)
ბექა ბექაური (თსუ)
მიხეილ ბერიშვილი (თსუ)
მერაბ ბოქოლიშვილი (კაკტუსი)
ბექა ბურჯანაძე (რეჯო ემილია, იტალია)
კახაბერ ჯინჭარაძე (ქუთაისი)
გიორგი კორსანტია (გოსტივარი, ჩრდილოეთ მაკედონია)
ილია ლონდარიძე (კავკასია)
თად მაკფადენი (მურსია, ესპანეთი)
დუდა სანაძე (ანორთოსისი, კვიპროსი)
თორნიკე შენგელია (ვირტუსი, იტალია)
გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი)
გიორგი ცინცაძე (თსუ)
ნიდერლანდები
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შემადგენლობა გაახალგაზრდავებული ჰყავს. მთავარმა მწვრთნელმა რადენკოვარადიჩმა, ვინაიდან, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი აღარ აქვს, გუნდის ლიდერები აღარ გამოიძახა. საქართველოსთან ვერ ითამაშებენ ვორსი დე იონგი, მოჰამედ ხერაზი, შარლონკლოოფი, როელანდშაფტენაარი, ლეონ ვილიამსი და შეინჰამინკი.
ერთი შეხედვით, ეს საქართველოს ნაკრების შანსებს კიდევ უფრო ზრდის, თუმცა ახალგაზრდულ და ენერგიულ გუნდთან ყოველთვის დიდი სიფრთხილე და მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო.
ნიდერლანდების ნაკრები
სანდერჰოლანდერსი, ოლაფ შაფტენაარი, ტერენსბიეშაარი, კეიე ვან დერ ვუურსტ დე ვრისი, მატ ჰაარმსი, კეიმეჰელფრიხი, იანიკ კრააგი, ბოიდ ვან დერ ვუურსტ დე ვრისი, კოენსტოლკი, ემანუელ ნზეკვესი, ნატანკუტა, მარიინვერვერსი, მაარტენბოუვკნეხტი, ლუუკ ვან ბრეე.
ურთიერთშეხვედრები
საქართველოს ნაკრებს ნიდერლანდებთან 8 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 4 ჩვენმა გუნდმა მოიგო, ოთხი მეტოქემ. საინტერესოა, რომ ბოლო ორ შეხვედრაში „ჯვაროსნებმა“ ერთნაირი ანგარიშით გაიმარჯვეს – 77:66.
„ნარინჯისფრები“ საქართველოსთან ფავორიტად არასოდეს ითვლებოდნენ, თუმცა უხერხული მეტოქე რომაა, 2015 წლის ევრობასკეტი და 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებიც მოწმობს. 2015-ში ევრობასკეტის გახსნით მატჩში ყველასთვის მოულოდნელად ფაჩულიიან-მარკოიშვილიანი საქართველო 72:73 დამარცხდა, ხოლო 2012 წელს ნიდერლანდებში წააგო სენსაციურად. თუმცა როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში ნიდერლანდებთან ქულების დაკარგვას მომდევნო ეტაპზე გასვლაში ხელი არ შეუშლია.