ორი „კოლხეთის“ განსხვავებული ტური - ფოთი დაწინაურდა, ხობმა პოზიცია დათმო #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2-ის მე-15 ტური უხვგოლიანი გამოდგა. ხუთ შეხვედრაში 22 გოლი გავიდა, ე.ი. საშუალოდ თამაშში – 4.4 გოლი.
ვიტ ჯორჯია – სპაერი 2:2
გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრაში სტუმრები კობა ქებურიამ (დააწინაურა, მაგრამ „ვიტ ჯორჯიამ“ ანგარიში ცოტნე ჩოთალიშვილის (23) გოლით გაათანაბრა. მეორე ტაიმშიც იგივე მოხდა – „სპაერი“ საბა გეგიაძის (66) სადებიუტო გოლით ისევ წინ გავიდა, მაგრამ ზაურ კერელეიშვილმა (86) მასპინძლებს ქულა გადაურჩინა.
გარეჯი – ლოკომოტივი 3:2
მოულოდნელად, აუტსაიდერმა „ლოკომოტივმა“ გათამაშების ლიდერს, საგარეჯოს „გარეჯს“ დიდი წინააღდეგობა გაუწია და პირველ ტაიმში ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა. ანგარიში ლაშა ოზბეთელაშვილმა (13) გახსნა, რომლის გადაცემითაც სხვაობა თორნიკე კურტანიძემ (26) გაზარდა. „გარეჯმა“ თამაში სათავისოდ მაინც შემოატრიალა. სხვაობა გიორგი პაპუაშვილმა (38) შეამცირა, ანგარიში გიორგი ხარებაშვილმა (65) გაათანაბრა, ხოლო საგარეჯოელებს გამარჯვება „ლოკომოტივის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ირაკლი ჭიაბრიშვილმა (88) მოუტანა.
მერანი თბ – დინამო-2 თბ 0:5
„დინამო 2“-მა პირველ ტაიმში მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა. თუმცა, შესვენების შემდეგ ხუთი გოლი გაიტანა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. თავი გამოიჩინეს 17 წლის სანდრო ფეიქრიშვილმა (52), დათო გოცირიძემ (56), ნიკა სიხარულაშვილმა (66), ნიკა ქოქოსაძემ (86) და ოთარ აფციაურმა (88).
სიონი – კოლხეთი ხობი 4:1
ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლების დაპირისპირებაში ბოლნისელებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს. „სიონი“ პირველ ტაიმში ლუკა ქოქოსაძის (16) გოლით და გურამ ადამაძის ავტოგოლით (40) დაწინაურდა. მეორე ნახევარში მასპინძლების უპირატესობა ირაკლი ჯანჯღავამ (47) და თენგიზ წიქარიძემ (63, პენალტი) გაზარდეს, ხობელებიდან კი ერთადერთი გოლი ზურაბ ჭანტურიძის (90) ანგარიშზეა. ბოლნისელები მესამე ადგილზე დაწინაურდნენ. ხობელები კი მეოთხე ადგილზე დაქვეითდნენ.
კოლხეთი 1913 – მერანი მრ 3:0
ფოთის „კოლხეთმა“ უპირატესობა სწრაფად მოიპოვა – მასპინძლები მე-13 წუთზე დათა სიჭინავას შესრულებული პენალტით წინ გავიდნენ. 63-ე წუთზე „კოლხეთის“ უპირატესობა ვალერი ოლხოვმა გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში მამია გავაშელშვილმა (90+2) დააფიქსირა და ფოთელები მეორე ადგილზე დაწინაურდნენ.
ეროვნული ლიგა 2
1. გარეჯი 38
2. ფოთის კოლხეთი 28
3. სიონი 26
4. ხობის კოლხეთი 26
5. სპაერი 24
6. დინამო-2 თბ 22
7. მერანი მრ 15
8. ვიტ ჯორჯია 15
9. მერანი თბ 11
10. ლოკომოტივი 6